ალეკო ელისაშვილი – „ოცნებას“ ოპოზიციის გაერთიანების ცეცხლივით ეშინია – ჩემი ხელი ჯერ კიდევ გაწვდილი რჩება

ხაზარაძეზეც და გახარიაზეც საშინელებები მითქვამს – ზუსტად მახსოვს, რაც ვთქვი ნებისმიერ ადამიანსა და პოლიტიკოსზე, დიდად აზრი არც შემიცვლია, მაგრამ ქვეყანა ჩვენგან სხვა პასუხისმგებლობას მოითხოვს, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ოპოზიციური პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პარტიებისგან გაერთიანების შესაძლებლობაზე პასუხი „არა“ არ მოუსმენია.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციის გაერთიანების „ცეცხლივით ეშინია“.
„ჩემი აზრით, სხვა პარტიები, გაერთიანებაზე ჯერ კიდევ ფიქრობენ. მათგან „არა“ არ მომისმენია. ჩემი გაწვდილი ხელი ჯერ კიდევ გაწვდილ ხელად რჩება, მაგრამ საკითხს ძალიან სერიოზულად უნდა შევხედოთ. პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა. დღეს თუ სწორად არ გავიაზრეთ წარსული და არ დავგეგმეთ მომავალი, არაფერი არ გამოვა. სინამდვილეში, ჩვენ ყველა სიღარიბემ გაგვტანჯა ძალიან. ინვესტიცია უცხოეთიდან უნდა შემოვიდეს, მაგრამ არ შემოდის, რადგან უსაფრთხო ქვეყანა არ გვაქვს. მშვიდობა არ გვაქვს, სასამართლო არ გვაქვს, გაუგებარ პოზიციაში ვართ, რუსის ტანკი აქვე დგას… „ქართული ოცნება“ თუ არ შევცვალეთ, ევროკავშირში ვერ შევალთ და თუ ეს არ მოხდება, ქვეყანა სიღარიბეს ვერ დაძლევს. ოცნებას ოპოზიციის გაერთიანების ცეცხლივით ეშინია. ბუნებრივია, ეს რთული ამბავია, ოპოზიციური პარტიების განსხვავებული წარსულის გამო, მაგრამ გაერთიანების კომპრომისის გარეშე, არაფერი არ გამოვა. ხაზარაძეზეც და გახარიაზეც საშინელებები მითქვამს, მაგრამ ახლა ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა გვაერთიანებს. მათთანაც, “გირჩთანაც” და სთანაც მოლაპარაკებები გვაქვს. ზუსტად მახსოვს რაც ვთქვი ნებისმიერ ადამიანსა და პოლიტიკოსზე, დიდად აზრი არც შემიცვლია, მაგრამ ქვეყანა ჩვენგან სხვა პასუხისმგებლობას მოითხოვს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
გარდა ამისა, მან ოჯახურ ღირებულებათა შესახებ “ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, საკითხი ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკურია, თუმცა განხილვებში მაინც ჩაერთვება. მისივე თქმით, კონკრეტულ პროპაგანდას ვერ ხედავს, თუმცა თუ განხილვებს ექსპერტები დაესწრებიან, მათგან მოისმენდა, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს რაიმე ინფორმაციას არასრულწლოვანების ფსიქიკაზე.
„ეს ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური თემაა. ეს ხომ არ არის ორგანული პრობლემა, რომელიც საზოგადოებას მართლა აწუხებს. ჯერ კანონპროექტი დააინიცირეს, რომელსაც არანაირი გამოხმაურება არ უდგას და მერე გადავიდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. განხილვას წინ რა უდგას, ხელფასს მაგაში ვიღებ, რომ მომწონს, თუ არ მომწონს, თემები განვიხილოთ. მე კონკრეტულ პროპაგანდას ვერ ვხედავ, ერთადერთი რაც მაინტერესებს, რამდენად შეიძლება რაიმე ინფორმაციას არასრულწლოვანების ფსიქიკაზე გავლენა ჰქონდეს. მდინარაძე, მაჭარაშვილი და სუბარი ამ დარგის სპეციალისტები არ არიან, თუ სექსოლოგები არიან, გვითხრან… თუ იმ განხილვებზე სპეციალისტები და ექსპერტები იქნებიან, რომლებიც არასრულწლოვნების საკითხს განიხილავენ, მათ მოვუსმენ და მერე დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას ამ თემაზე“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ