ალეკო ელისაშვილის ქმედება და „ბიბისის“ ფილმი უნდა განვიხილოთ ერთიან კონტექსტში

ალეკო ელისაშვილის ქმედება და „ბიბისის“ ფილმი ჩვენ უნდა განვიხილოთ ერთიან კონტექსტში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ლაზარე გრიგორიდიასის საქმის მსგავსად შეეცდებიან, რომ ალეკო ელისაშვილისგან გმირი შექმნან. მისივე თქმით, იგივე მცდელობაა მზია ამაღლობელზე.
„გმირი შექმნეს გრიგორიადისისგან, რომელმაც პირდაპირ ყველას თვალწინ სცადა პოლიციელის დაწვა მოლოტოვის კოქტეილებით და დღეს ვის ახსოვს გრიგორიადისი?! მაშინ იყო საჭიროება რომ ეს ადამიანი გაეგმირებინათ, ასევე იქნება მზია ამაღლობელზე, ასე იქნება ალეკო ელისაშვილზე. ვერ გადაწყვიტეს ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით რა შეფასება გააკეთონ. ჯერ კიდევ მაშინ, როცა პარლამენტში მიზანმიმართულად მოიქცა, ეს არ იყო აფექტით გამოწვეული ქმედება. სწორედ ასეთი ადამიანები არიან საჭირო იმ ძალებისთვის, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ ტერორისტული აქტი ჩაიფიქრეს.
თქვენ გაიხსენეთ, ევროკომისრის, ვარჰეის საუბარი ბატონ კობახიძესთან. მანაც მიუთითა რობერტ ფიცოს თემაზე, რომელიც სიკვდილს გადაურჩა. არ არის გამორიცხული, ელისაშვილის მოქმედება იყოს მოტივაცია, გადამდები გახადოს ეს ქმედება. ვერაფრით ვერ უზრუნველყვეს პროტესტი და ამით აცოცხლებენ, ამ დაკვეთას აძლევენ, ეს დაკვეთა იყო ელისაშვილის მიმართ, ეს დაკვეთა იყო “ბიბისის” მიმართ. მე მინდა ვუთხრა მათ დამკვეთებს, რომ ძალიან ცუდი შთაბეჭდილება აქვთ ჩვენს მოქალაქეებთან მიმართებაში, რომ მსგავს რაღაცას გადაყლაპავენ“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ცდილობენ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების გაშავებას, მაგრამ სახელმწიფო დღეს არის ძალიან ძლიერი იმისათვის, რომ მსგავს გამოწვევებს გაუძლოს.
„სახელმწიფო დღეს არის ძალიან ძლიერი, რომ მსგავს გამოწვევებს გაუძლოს. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ყველაფერი სრულყოფილად იქნეს გამოძიებული, რათა ჩვენს მოქალაქეებს მსგავს ქმედებებზე ჰქონდეთ სრულყოფილი პასუხი.
ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებულია, ცდილობენ როგორმე მოხდეს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების გაშავება. ამას ემსახურება ეს ყველაფერი. არ აწყობთ ის, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ძლიერი, ეროვნულ ინტერესებზე მდგარი და საკუთარ მოვალეობებს კარგად ართმევს თავს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში