საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, აშშ-ში ვიზიტისას ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
ამის შესახებ მან Foreign Policy-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
ზურაბიშვილის თქმით, არსებობს განცდა, რომ აშშ-ს კავკასიის რეგიონთან მიმართებით პოლიტიკა ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული.
მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ ენთუზიაზმს იჩენს, რაც ისე აღიქმება, თითქოს საქართველო არ სჭირდებათ.
„მე შევხვდი სახელმწიფო დეპარტამენტს, პასუხისმგებელი პირების დონეზე. თუმცა, იქაც არსებობს განცდა, რომ პოლიტიკა ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული. რეგიონული პოლიტიკა. სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ არსებობს ენთუზიაზმი, რაც შეიძლება ასე აღვიქვათ: „კარგი, ჩვენ საქართველო არ გვჭირდება“. სინამდვილეში, გეოგრაფიულად და ისტორიულად ასე არ არის. სომხეთი მყიფეა. ის ძალიან გაბედულია. მე მუდმივად ვამბობ, რომ პრემიერ-მინისტრს [ნიკოლ ფაშინიანს] ძალიან მამაცად მივიჩნევ და ტრამპის შუამავლობით მიღწეული შედეგები მთელი რეგიონისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. მაგრამ მაინც, სომხეთი, საქართველოს გარეშე, ვერ გააგრძელებს, არა?“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა Foreign Policy-სთან ინტერვიუში საქართველოში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მთავრობა, რუსეთისკენ მიემართება და საქართველოს არასტაბილურობა და რუსეთთან დაბრუნება ნიშნავს, რომ ის საფრთხეს უქმნის აზერბაიჯანს, სომხეთს და რეგიონის სატრანზიტო ზონებს და ზოგადად, კავკასიის როლს.
„ჩვენთვის მხოლოდ ორი სცენარია ცნობილი: არჩევნები, დიახ, და ქუჩის პროტესტი, სანამ არჩევნებამდე არ მივალთ. მეორე ალტერნატივა არის აჯანყების რაიმე ფორმა, რაც საქართველოს ტრადიციაში არ შედის. მაგრამ წინააღმდეგობა უნდა იყოს. და ეს წინააღმდეგობა უკეთ უნდა იყოს მხარდაჭერილი გარედან. ეს არსებითად მორალური მხარდაჭერაა, რადგან კიდევ რა შეუძლიათ ჩვენს პარტნიორებს დღეს გააკეთონ? ეს ნიშნავს, რომ მათ უკეთ უნდა გაიგონ, რა ხდება საქართველოში.
ჩვენ ვებრძვით რუსეთს, რომელიც ებრძვის საქართველოს ჰიბრიდული მეთოდებითა და რბილი ძალით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები შეშფოთებულნი უნდა იყვნენ იმით, რომ რუსეთი მათ შესაძლებლობებს რბილი ძალით ცდის. ახლა მათ აქვთ რბილი ძალის ყველა ინსტრუმენტი. მათ აქვთ სოციალური ქსელები, კიბერშეტევები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ღელავს თუ არა სალომე ზურაბიშვილი დაპატიმრებაზე, ზურაბიშვილი ამბობს, არ ელის რომ დასაჭერთა პირველ სიაში იქნება, თუმცა არც არაფერს გამორიცხავს.
„მე, ალბათ, პირველ სიაში არ ვიქნები. ჯერჯერობით, ისინი უფრო მეტ პოლიტიკურ ლიდერს ირჩევენ, რათა აჩვენონ, რომ პოლიტიკური პარტიები ნამდვილად გაყოფილია. თუმცა, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ცხადია, რომ ამ სტრატეგიაში წითელი ხაზი არ არსებობს, არა?“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
