აკაკი ბობოხიძე – ამ ხელისუფლების წინააღმდეგ კანონიერი, მშვიდობიანი, არამშვიდობიანი, ასეთი თუ ისეთი დამხობა – ყველაფერი ალალი იქნება! ერთხელაც გაწყდება ის წვრილი ძაფი, რომელზეც დაკიდებულია ე.წ. მშვიდობა

ზარქუებსა და ლევან მაჭავარიანებს მოვუწოდებ: დატოვონ სტატუსი და მერე ილაპარაკონ, თუ რა მაგარი ბიჭები არიან! როცა სახელმწიფოს ეფარები და მოქალაქისთვის ანგარიშსწორებას სახელმწიფოს ძალით ცდილობ, ღირსებაზე ნუღარ მელაპარაკები! თუ ღირსებას იცავ, მაშინ პოლიცია მოიშორე და ეგ ღირსება ისე დაიცავი – მერე ვნახავთ, რა ღირსების დამცველები ხართ! – ეს განცხადება პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ გააკეთა.
ბობოხიძის შეფასებით, დღეს ქვეყანას „კადიროვული სისტემის ბანდა მართავს, რომელსაც სახელად საქართველოს ხელისუფლება ჰქვია“. მისივე თქმით, „როცა სახელმწიფო არ გიცავს, ამ სისტემის წინააღმდეგ ხალხს ყველაფრის გაკეთების უფლება აქვს“.
„ხელისუფლებას გააჩნია ვალდებულება, რომ დაიცვას წესრიგი. გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე ვნახეთ ხელისუფლება, რომელიც წესრიგის დაცვის ნაცვლად, ანგარიშსწორებით იყო დაკავებული. არც კი ვარჩევ მტყუან-მართალს – ის, როგორც ხელისუფლება, უკვე მტყუანია!
როცა სუსტები არიან, მაშინ პოლიციას იშველიებენ, ხოლო თუ ღონიერები არიან, პოლიციას აჩერებენ და წესრიგს არ აცვევინებენ. რა გამოდის, ქართველ ხალხს თავის დაცვის უფლება არა აქვს. მას არც პოლიცია აქვს და არც თავის დაცვის უფლება გააჩნია. ეს ხელისუფლება კანონიდან გასულია და ამ ხელისუფლების წინააღმდეგ კანონიერი, მშვიდობიანი, არამშვიდობიანი, ასეთი თუ ისეთი დამხობა – ყველაფერი ალალი იქნება! ერთხელაც გაწყდება ის წვრილი ძაფი, რომელზეც დაკიდებულია ე.წ. მშვიდობა.
ძალიან ამ მსიამოვნებს იმ ამბის გახსენება, როცა ერთ ცნობილ ჟურნალისტთან კონფლიქტი მომივიდა, ოღონდ ავდექი და იმ საღამოსვე გადავდექი. განცხადებაში გადადგომის საფუძვლად დავწერე, რომ არ შეიძლება სახელმწიფო მოხელე მოქალაქეს ხელს ურტყამდეს.
ლევან მაჭავარიანები, ზარქუები ჯერ გადადგნენ, სტატუსი მოიშორონ და მერე იჩხუბონ! რა კარგია, თუ შენს მიმართ ვინმემ ხელი ასწია, შენ პოლიცია და მთელი სახელმწიფო მანქანა დაგიცავს, მაგრამ თუ ღირსების დაცვას მოქალაქე დააპირებს, პოლიციის ზურგს უკან ამოფარებული ზონდერბრიგადები გამოდიან.
თუ ნახეთ, რა მანქანებით იყვნენ მობილიზებული – ჯიპებით! თითქოს ერთი შეხედვით, წარმატებული ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ეს წარმატებული ადამიანები სინამდვილეში ბანდაა, რომელსაც სახელად საქართველოს ხელისუფლება ჰქვია, რომელიც კანონიერადაც რომ იყოს არჩეული ამ მოქმედებების მერე უკვე უკანონოა. ჩვენ ხელისუფლება კანონისა და წესრიგის დასაცავად ვირჩევთ და არა თვითნებობისთვის.
არის კადიროვული სისტემა და როცა სახელმწიფო არ გიცავს, ამ სისტემის წინააღმდეგ ხალხს ყველაფრის გაკეთების უფლება აქვს – უფრო მეტიც, სახელმწიფო თვითონ არის მოძალადე. როდესაც თავს გესხმიან თავდაცვისთვის ყველაფერი შეგიძლია გააკეთო, რისი შესაძლებლობაც გექნება“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
ბობოხიძის შეფასებით, ის თუ როგორ განვითარდება პროცესები 4 ოქტომბერს, ხელისუფლების მოქმედებაზე იქნება დამოკიდებული.
„გაწყდება ერთხელაც ეს ძაფი და არ მინდა ის, რაც ჩემს ახალგაზრდობაში ერთხელ უკვე ვიხილე, მეორედ ვიხილო. თან 90-იან წლებში დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე იყო. ეს იყო დაპირისპირება პირველ პრეზიდენტთან, შემდეგ პირველი პრეზიდენტის მომხრეების დაპირისპირება მეორე პრეზიდენტთან. ეს პოლიტიკური დაპირისპირება აღარ არის – ეს არის დაპირისპირება ბანდასთან. თან ბანდა უფრო შეკრულია ხოლმე, ვიდრე პოლიტიკური ჯგუფები. პოლიტიკურ ჯგუფებში სხვადასხვა პოლიტიკური ხედვებია და სხვადასხვა პასუხისმგებლობებია, ხოლო ბანდას ერთმანეთთან საერთო დანაშაულის გრძნობა კრავს.
მთელი ჩემი ცხოვრება ქუჩაში დავდივარ – ქუჩაში დავდიოდი ხელისუფლებაში მოსვლამდე და ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ. დღესაც ქუჩაში დავდივარ და ალბათ ხვალაც ვივლი. ესენი ქუჩაში გავლილი ვერც კი წარმომიდგენია“, – განაცხადა ბობოხიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ სტამბოლიშვილი: კახა კალაძე რომ ამბობს პროტესტის მონაწილე ქალებზე – გაუგებარი ჯიშის არიანო – მისთვის მართლაც გაუგებარია, რა ჯიშისაა ის ქართველი ქალი, რომელსაც არ ასვენებს უსამართლობა, კორუფცია, მისი ქვეყნის გაურკვეველი მომავალი