აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა თსუ-ს ეზოში ერთობლივი მანიფესტი წაიკითხეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საქართველოს აკადემიური სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ერთობლივი მანიფესტი წაიკითხეს, რომელსაც 450-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი, ლექტორი თუ დოქტორანტი აწერს ხელს.
ერთობლივი განცხადება საუნივერსიტეტო სივრცის, აკადემიური თავისუფლების დასაცავად არის შედგენილი. განცხადებაზე ხელმომწერები აპროტესტებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიის პოლიტიკური მიზნებისთვის და -ს დანაყოფების მიერ გამოყენებას და გმობენ 19 ნოემბერს მშვიდობიანი აქციის დაშლას.
ტექსტი საჯაროდ თსუ-ს ლექტორმა სოფიო შამანიდმა წაიკითხა.
„უნივერსიტეტმა, რომლის კარი ყოველთვის ღია უნდა იყოს სტუდენტებისა და პროფესორებისთვის, დღეს მისი პრინციპული მისიის საპირისპიროდ იმოქმედა – კარები ჩაუკეტა მათ და ძალოვანი სტრუქტურები შეუშვა მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა, მათ შორის ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების დასარბევად. ეს ქმედება შეურაცხყოფს უნივერსიტეტს, როგორც თავისუფლებისა და პროგრესის სიმბოლოს, არღვევს აკადემიურ დამოუკიდებლობას და ეწინააღმდეგება მის ისტორიულ მისიას“, – წერია ერთობლივ განცხადებაში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, მაია პატარიძე, რომელიც თსუ-ს ეზოში გამართულ შეკრებას ესწრებოდა, იმედოვნებს, რომ შექმნილ ვითარებას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მალე გამოეხმაურება:
“ვითარება არის წარმოუდგენელი, გაუგონარი და იმედი მაქვს ჩვენი ნაბიჯებიც შემხვედრი იქნება… ჩვენ უკან არაფერზე არ დავიხევთ. ამის მოთმენა, რომ სპეცრაზმი იყოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში კი არა და ნებისმიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამის იქით არაფერი აღარ არის”.
რუსუდან გოცირიძე, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი ამბობს, რომ იგი აქციაზე მივიდა, როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი და არა, როგორც რელიგიური პირი. ამბობს, რომ იგი გაბრაზებული ადამიანების აქციას შეუერთდა:
“ეს უნივერსიტეტი [თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი] არის ჩემი უნივერსიტეტი. აკადემიურ სივრცეს პირველად აქ ვეზიარე და ძალიან გული მწყდება. ის კერა, რომელიც უნდა იყოს თავისუფლების კერა, სამწუხაროდ, ახლა არის ტყვეობის კერა. ყოველშემთხვევაში, ნამდვილად არის დატყვევებული. ამან გამაბრაზა. გამაბრაზა იმან, რომ იქ, სადაც თავისუფლებამოწყურებულ სტუდენტებს კარს უკეტავენ, სპეცრაზმს კარს უღებენ, გამაბრაზა იმან, რომ ვინც ამ კერას უნდა განაგებდეს, ის ადამიანი ემალება თავის სტუდენტებს, თავის კოლეგებს არ ესაუბრება”.
· 14 ნოემბერს ს სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტი ს გაყალბების გასაპროტესტებლად საუნივერსიტეტო სივრცეში დარჩა და ღამე გაათენა. მათ მსგავსად ღამის უნივერსიტეტში გატარება სურდა თსუ-ს სტუდენტთა ერთ ნაწილს. 15 ნოემბერს გვიან საღამოს თსუ-ს პირველ კორპუსთან ათეულობით პოლიციელი იყო მობილიზებული, მათ არ მისცეს ახალგაზრდებს შენობაში შესვლის უფლება.
· 19 ნოემბერს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც, მათი თქმით, ასახული იყო, როგორ შედიოდნენ საპოლიციო ძალები უნივერსიტეტის ეზოში გამთენიისას, აქციის დაშლის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე. თსუ-ში ახალგაზრდებმა შესვლა მოახერხეს 20 ნოემბერს, 02:00 საათზე.
19 ნოემბერს დილით, საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.
აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.
საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე 19 ნოემბერს, დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის მივიდნენ. პარალელურად შსს-მ განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.
იმ დილით პოლიციამ 16 ადამიანი დააკავა.
ფორუმი