აი ფაქტი: ქართული ეტიკეტის ძალა: რუსული არყის ფანერა ევროპულ ბაზარზე

ავტორები: აიდან იუსიფი, მარიამ კაჭკაჭაშვილი და ნანუკა ბრეგაძე

“პირველად საქართველოში, ვაწარმოებთ ყველა სორტისა და სისქის უმაღლესი ხარისხის არყის ხის ფანერებს”, – წერს “პალატი” თავის ფეისბუქ გვერდზე.

“საქართველოში არყის ხე სად არის? აწარმოებთ კიარა, დან შემოგაქვთ”, – შეეპასუხა ერთ-ერთი მოქალაქე იქვე, კომენტარის ველში.

“…თავისთავად, საქართველოში არ არის არყის ხე. შემოგვაქვს უკრაინიდან, ევროპიდან, ყაზახეთიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან”, – ასე იმართლა თავი “პალატმა”.

“სხვადასხვაში”, წესით, უმნიშვნელო პარტნიორები უნდა იგულისხმებოდეს, თუმცა “პალატმა” ამ კატეგორიაში გაიყვანა რუსეთი – მისი მთავარი მომწოდებელი.

სინამდვილეში, „პალატის“ საქმიანობა რუსულ ნედლეულზე დგას: არყის ხის ფურცლებს მოსკოვში, პეტერბურგსა და ნიჟნი ნოვგოროდში მდებარე საწარმოებიდან ეზიდება, “ქართულ” ფანერად აქცევს და შემდეგ ევროპაში გზავნის. ანუ, რუსეთს სანქცირებული პროდუქტის გასაღებაში ეხმარება.

რუსეთისთვის სანქციებით გამოწვეული ტვირთი აქამდეც შეგვიმსუბუქებია. “აი, ფაქტმა” ამ თემაზე უკვე 5 ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა. ამჯერად, ჩეხურ საგამოძიებო მედია “ინვესტიგაცესთან” ერთად ვიმუშავეთ.

4 თვე ვიკვლევდით, რომ თქვენთვის მოგვეყოლა, ვის შემოაქვს ჩვენთან რუსული არყის ხის ნედლეული და ვინ გარდაქმნის მას ქართულ ნაწარმად, როგორ დაარსდა პირველი ფანერის ქარხანა რუსთავში და 2023 წლიდან, ისტორიაში პირველად გავხდით ევროპაში არყის ხის ფანერის მსხვილი ექსპორტიორები. ეს ყველაფერი კი ში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას “დაემთხვა”.

2023-2025 წლებში საქართველოდან ევროპაში 29 მლნ დოლარის ღირებულების არყის ხის ფანერა გაიგზავნა. პროდუქტის მონაცემებში მითითებულია: Origin country – Georgia/წარმოშობის ქვეყანა – საქართველო.