ავტორები: ია ასათიანი, აიდან იუსიფი, მარიამ კაჭკაჭაშვილი
“ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო” ხომ გაგიგიათ? ზუსტად ასეა იმ გზააბნეული ტრაქტორებისა და ბულდოზერების ამბავი, საქართველოდან ყირგიზეთში რომ წავიდა, მაგრამ იქამდე ვერ ჩააღწია.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის მონაცემებში შავით თეთრზე წერია, 2022-2023 წლებში ყირგიზეთში 54 ტრაქტორი და ბულდოზერი გავგზავნეთ, ყირგიზული მხარე კი ირწმუნება, ჩვენ ერთი მათგანიც არ მიგვიღიაო. ასეთი აცდენა უკრაინაში ომის დაწყებამდე მონაცემებს შორის არ იყო: ქართულ და ყირგიზულ ბაზებში ამ მძიმე ტექნიკით ვაჭრობის მონაცემები ერთმანეთს სარკისებურად ემთხვეოდა.
ზუსტად ასევე უჩინარდება ის ტრაქტორები და ბულდოზერებიც, რომელმაც გეზი სომხეთისკენ აიღო.
რა ხდება სინამდვილეში, სად ასრულებს გზას ეს მძიმე ტექნიკა და რა შუაშია ამ ამბავში ოკუპანტი რუსეთი, ჩვენი ჟურნალისტური გამოძიებით შეიტყობთ.
საქართველოს საზღვრები რომ სანქციების გვერდის ასავლელი “მწვანე დერეფანია”, არაერთხელ დავამტკიცეთ. ჯერ, ლარსიდან ვლადიკავკაზში მსუბუქი ავტომობილების გაყვანაზე გიყვებოდით, მერე დრონების უკონტროლო ექსპორტზე, სულ ბოლოს კი ამოვხსენით უცნაური ამოცანა, როგორ საღდება რუსული ნავთობი ქართულად და უპრობლემოდ მიდის ევროპაში.
ამჯერად, გიყვებით, როგორ დაუძვრა რუსეთი კიდევ ერთ სანქციას და შეუფერხებლად იმარაგებს ბულდოზერებს, ექსკავატორებს, გრეიდერებს, ტრაქტორებს, ამწეებს თუ თოვლმავლებს. ანუ, იმ მძიმე ტექნიკას, რომელიც სამხედრო ლოჯისტიკაშიც გამოიყენება.
ევროკავშირმა რუსეთს სწორედ ამ ტექნიკის მიწოდება შეუზღუდა სანქციების მე-8 და მე-10 პაკეტებით, რომელიც 2022 წლის ოქტომბერსა და 2023 წლის თებერვალში გამოქვეყნდა და ჯამში, 22 სასაქონლო კოდს შეეხო.
“…დამატებითი აკრძალვები ეხება ისეთ საქონელს, რომელიც ადვილად შეითავსებს საომარ დანიშნულებას და რუსეთის ბრძოლისუნარიანობას ზრდის”, – ვკითხულობთ ევროკომისიის 2023 წლის 25 თებერვლის განცხადებაში.
ამ ფონზე, ოკუპანტთან სანქცირებული ტვირთით ვაჭრობა არაერთ ქვეყანას აქვს გაჩაღებული, მათ შორის, სომხეთს, აზერბაიჯანს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, უზბეკეთს და საქართველოს…
სტატიაში განხილული მონაცემები ამოკრებილია საერთაშორისო ვაჭრობის მონაცემთა ბაზებიდან, როგორიცაა Volza, ImportGenius, Comtradeplus. ასევე მონაცემები გამოვითხოვეთ საქართველოს, სომხეთის, უზბეკეთის და ყირგიზეთის სტატისტიკის სამსახურებიდან. მოგროვებული ინფორმაცია გავაანალიზეთ და ერთმანეთს შევადარეთ, რომ გვენახა, რა სხვაობები და უზუსტობები იყო მათ შორის.
სტატიაში ნახავთ, რომ ექსპორტის სქემები ახსნილია სამი ქართული კომპანიის მაგალითზე. მათ შესახებ მონაცემები საერთაშორისო ბაზებში ვნახეთ. მათ შემთხვევაში, ფაქტებითა და მტკიცებულებებით, დანამდვილებით ვხედავდით, რომ მათ მიერ ზოგჯერ მესამე ქვეყნებში გაგზავნილი მძიმე ტექნიკა საბოლოოდ რუსეთში ჩადიოდა. ეს კი ასე მოხდა: ერთმანეთს ვადარებდით გაგზავნილი და რუსეთში ჩასული ტექნიკის VIN კოდებს (მანქანის უნიკალური ნომერი), ასევე ვადარებდით მიმღები კომპანიის ადგილმდებარეობას.
ImportGenius აშშ-ში, არიზონას შტატში შექმნილი საგარეო ვაჭრობის პორტალია, რომელიც მონაცემებს ევროპის, აზიის, ჩრდილოეთ და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან აგროვებს. ეყრდნობა მხოლოდ საბაჟო სტრუქტურების მიერ გაგზავნილ ოფიციალურ დოკუმენტებს
Volza- აშშ-ში, დელავერის შტატში შექმნილი საერთაშორისო ბაზაა. ვაჭრობის მონაცემებს ისიც ოფიციალური სტრუქტურებიდან და საბაჟო დეკლარაციებიდან აგროვებს.
Comtradeplus გაეროს საგარეო ვაჭრობის პორტალია, რომელიც სტატისტიკას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური საბაჟო მონაცემებიდან კრებს.