აი, ფაქტი: “პრავფონდის” ფაილები: ვინ ფინანსდება რუსეთიდან? – ნაწილი 1

ბოლო 6 თვეა რუსული “პრავფონდიდან” გამოჟონილ ფაილებს ვკითხულობთ და ვაანალიზებთ. მასალა ხელში ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციას, OCCRP-სა და მის მოკავშირე მედიებს ჩაუვარდა და “აი, ფაქტს” მათზე მუშაობის საშუალება ამ გზით მიეცა. ათასობით მეილსა და დოკუმენტებში ოთხი ორგანიზაცია ვიპოვეთ, რომელსაც სგან, სულ მცირე, 800 000 ევროს დაფინანსება აქვს მიღებული, საქართველოში თავისუფლად მუშაობენ და პრო-რუსულ განწყობებსაც აღვივებენ.

რახან ინფორმაცია დიდი მოცულობისაა, ამბავს სამ ნაწილად ვყოფთ. ამ ნაწილში ყველასთვის ცნობილ პრო-რუსზე, გულბაათ რცხილაძეზე გიყვებით. მომდევნო ნაწილები კი მტრულად განწყობილი ქვეყნის ფონდისგან დაფინანსებულ სხვა პირებსა და მათ ორგანიზაციებზე იქნება.

რა არის პრავფონდი?

 

“თანამემამულეების დაცვისა და მხარდაჭერის ფონდი” (რუსულად Фонд поддержки и защиты прав соотечественников, проживающих за рубежом), ე.წ. “პრავფონდი” 2012 წელს რუსეთის იმდროინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის დადგენილებით შეიქმნა. მისი დამფუძნებელი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროა, სხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად. ფონდის მმართველ ორგანოში ბევრისთვის ცნობილი სახელებიც გვხვდება, მაგალითად  – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგორი კარასინი – რუსეთის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, იგორ მასლოვი – რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული ურთიერთობების საკითხებში, მიხაილ გალუზინი – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ევგენი პრიმაკოვი  – “როსსოტრუდნიჩესტვოს” ხელმძღვანელი. ალექსანდრ უდალცოვი, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი კი ევროკავშირის მიერ სანქცირებულია უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერისათვის.

ოფიციალურად, ფონდის მიზანი საზღვარგარეთ მცხოვრები რუსებისთვის ფართომასშტაბიანი სამართლებრივი და სხვა მხარდაჭერის გაწევაა იმ შემთხვევაში, თუ მათ უფლებებს და თავისუფლებებს რამე შელახავს. არაოფიციალურად კი, ფონდი კრემლის მიზნებს ემსახურება: ის გეოპოლიტიკური ინსტრუმენტია და რუსულ რბილ ძალას წარმოადგენს ევროპაში, საქართველოში, მოლდოვაში, სა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

რუსეთის სამთავრობო უწყებებიდან გაჟონილი დოკუმენტები, რომელიც OCCRP-მა მოიპოვა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი “პრავფონდს”, სინამდვილეში, კრემლის აგენტების დასაფინანსებლად იყენებს და ამავდროულად ორგანიზაციის დახმარებით ზრდის კრემლის გავლენას საზოგადოებაზე.

2023 წელს ევროკავშირმა და -მ “პრავფონდი” დაასანქცირა. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია ქართველებისთვის, რომ მასთან თანამშრომლობა გაეგრძელებინათ. “პრავფონდისა” და მისი ქართველი პარტნიორების მიმოწერებში ათი მეილი მაინც ვიპოვეთ, სადაც საქართველოში მოქმედი ორგანიზაციების დაფინანსების ალტერნატიული გზებია განხილული, მათ შორის სომხეთში გახსნილ ანგარიშებზე ჩარიცხვა, ფულის პირდაპირ რუსულ ბანკში ჩარიცხვა და შემდეგ ქეშად გატანა რუსეთიდან, ან გზავნილების სისტემის გამოყენებით საქართველოში შემოტანა.

“პრავფონდი” საქართველოში 2013 წლიდან მუშაობს. 2020 წლამდე ძირითადად ორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა, 2020 წელს კი გულბაათ რცხილაძის ორგანიზაციის დაფინანსებაც დაიწყო. 2024 წელს კიდევ ახალი პარტნიორიც  დაიმატეს. ჯამში, ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ფონდიდან, ამ  ორგანიზაციებს,  სულ მცირე 800 000 ევრო ჩაერიცხათ.

სწორედ ამ ფონდს აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოდან მარია და იულია არხიპოვები, წყვილი რუსეთიდან, რომელიც გურიაში კოსმოდრომის მშენებლობას გეგმავს. მეტს ამ ამბავზე, ჩვენი გამოძიებიდან შეიტყობთ.

“გრანტი, შმანტი არ არის” – გულბაათ რცხილაძე და მისი პროექტები

ყველა, ვინც საქართველოში რუსულ პროპაგანდასა და “რბილ ძალას” სწავლობს, ერთხელ მაინც მოკრავდა თვალს გულბაათ რცხილაძის სახელსა და გვარს. 51 წლის რცხილაძეს ღიად პრორუსული პოზიცია უჭირავს და არც მალავს ამას. ერთადერთი, რასაც მალავდა, მისი დაფინანსების წყარო იყო.

“მე ვარ დამფუძნებელი ორგანიზაციის და სრული უფლება მაქვს, პირადი შენატანით დავაფინანსო ესა თუ ის აქტივობა, “ევრაზიის ინსტიტუტის” ეგიდით. ამ ორგანიზაციის სპონსორი გახლავართ პირადად მე, გულბაათ რცხილაძე და არც გრანტი, არც შმანტი არ არის”, – ასე გვიპასუხა რცხილაძემ 2022 წელს, როცა მასთან ინტერვიუ გვქონდა.

ეს რიტორიკა არც სამი წლის შემდეგ შეუცვლია. სატელეფონი ინტერვიუში გვითხრა, რომ ის დაფინანსებას არ იღებს, ფინანსდება მხოლოდ მისი პროექტები. თუმცა, პროექტებში მისი ჰონორარიც არის ხოლმე გაწერილი, მაგალითად როგორც წიგნის ავტორის ან პროექტის ხელმძღვანელის.

“პირდაპირ ფინანსებით დავიწყოთ ესე იგი, ხო? საქმე ის არის, რომ ჩვენ არ ვფინანსდებით, არა გვაქვს საერთოდ დაფინანსება, ფინანსდება კონკრეტული პროექტები… მე ვაფინანსებ, პირიქით, მე ვარ ქველმოქმედი, ვეხმარები ადამიანებს და “ევრაზიის ინსტიტუტის” სახელით მე ბევრი საქმე მაქვს გაკეთებული. “პრავფონდთან” სულ ხუთი წელია, რაც ვთანამშრომლობთ, მეტი კი არა… მე ორგანიზაციის დამფუძნებელი ვარ და როგორც დამფუძნებელს, მაქვს უფლება, ჩემი შენატანები გავაკეთო ორგანიზაციის მუშაობის სასარგებლოდ.”

მისი ორგანიზაციების აქტივობებია: მსვლელობების, ტრენინგების, შეკრებების ორგანიზება, ლიტერატურის ბეჭდვა და უფასო დარიგება. რცხილაძე უდგას სათავეში 9 მაისს გამართული “უკვდავი ჯარის” მსვლელობას, რომელიც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას მიაგებს პატივს.

“უკვდავი ჯარის/პოლკის” მოძრაობა საქართველოში ანჟელიკა ზახაროვას ორგანიზაციამ, „სლავ ხალხთა კონგრესმა“ წამოიწყო. თუმცა, 2019 წლიდან ის გულბაათ რცხილაძის ორგანიზაციამ, “საქართველოს უკვდავმა ჯარმა” გადმოიბარა.

ეს მარში 2007 წლიდან რუსული იდეოლოგიის გასავრცელებელი პოლიტიკური იარაღია. ეს ის მოძრაობაა, რომელზეც 2017 წელს ამბობდა, ისტორიული სამართლიანობის აღდგენისთვის შეიქმნა, რომ არ დაგვავიწყდეს წარსული და არ დავუშვათ მისი ფალსიფიკაციაო. თბილისში ამ მსვლელობის მონაწილეებს, ზოგჯერ თან აქვთ გეორგიევსკის ლენტიც, რომელიც საბჭოთა კავშირის და ზოგადად, “რუსული სამყაროს” სიმბოლიკაა.

გულბაათ რცხილაძის პრორუსული აქტივიზმი 2008 წელს იწყება, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. მაშინ დააფუძნა ინტერნეტგამოცემა „პოლიტფორუმი“, რომელიც ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებდა და რუსეთის ოფიციალურ ვერსიას იმეორებდა.

2009 წელს რცხილაძემ დაარეგისტრირა ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტი“, რომელიც დღემდე აქტიურად მოქმედებს და ავრცელებს პრო-რუსულ იდეოლოგიას საქართველოში. 2014 წლიდან ამ ინსტიტუტის წარმომადგენლები რეგულარულად სტუმრობენ მოსკოვს და თანამშრომლობენ ისეთ ორგანიზაციებთან, რომელიც პირდაპირ ემორჩილება რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას.

საქართველოში რცხილაძის საქმიანობას და მის პოზიციას აქტიურად ავრცელებს პრორუსული მედიასაშუალებები: „საქართველო და მსოფლიო“ (Geworld.ge), „საქინფორმი“ და „ივერიონი“.

2010 წელს რცხილაძე სომხურ რუსულენოვან მედია Новое Время-სთან ინტერვიუში ამბობდა:  “რუსეთმა საქართველოში უნდა იმუშაოს არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით და მაქსიმალურად  აქტიურად გამოიყენოს ამერიკული მეთოდი, რათა ხელი შეუწყოს საკუთარი პოზიტიური იმიჯის ჩამოყალიბებას. არ შეიძლება საზოგადოებრივი აზრის უგულებელყოფა, თუნდაც პატარა და სუსტი ქვეყნის — საქართველოს — შემთხვევაში. ამას არ უგულებელყოფენ უფრო ძლიერი სახელმწიფოებიც, მათ შორის შეერთებული შტატები”.

გულბაათ რცხილაძე დონბასში. ფოტო აღებულია მისი ფეისბუქ ანგარიშიდან

ამ განცხადებიდან ათი წლის თავზე რცხილაძემ “პრავფონდთან” თანამშრომლობა დაიწყო და ამ ხუთ წელში მისი პროექტები, სულ მცირე, 60 000 ევროთი დაფინანსდა. ეს ის თანხაა, რომლის საბოლოოდ ხელმოწერილი ხელშეკრულებებიც ჩვენ გაჟონილ მასალებში ვიპოვეთ, თუმცა ამის გარდა იქ არის კიდევ სხვა რამდენიმე პროექტის დაფინანსების მოთხოვნა, რომელიც არ ვიცით, საბოლოოდ  დაფინანსდა თუ არა.

2020 წლის 10 ოქტომბერს “პრავფონდსა” და გულბაათ რცხილაძეს შორის მიმოწერაში ვკითხულობთ რცხილაძის გზავნილს: “პატივცემულო სერგეი მიხაილოვიჩ, ვადასტურებ, რომ პარასკევს ჩვენი ორგანიზაციის, „საქართველოს უკვდავი ჯარის“ ანგარიშზე შემოვიდა სუბსიდია ხელშეკრულების შესაბამისად, რომელიც დაიდო საერთაშორისო თანამემამულეთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ფონდთან. გმადლობთ ამისთვის”.

წერილის ადრესატია სერგეი ფოშკინი, ფონდის თანამშრომელი. როგორც დოკუმენტებიდან ჩანს,  რცხილაძეს ყველაზე ხშირად მიმოწერა სწორედ მასთან აქვს. თანხა, რომელზეც რცხილაძე ამ წერილში საუბრობს, 2020 წლის შემოდგომაზე ჩარიცხული 6 000 ევროა, რაც “საქართველოს უკვდავმა ჯარმა” სამამულო ომის თემაზე შექმნილი საიტის didisamamulo.ge ფუნქციონირებისთვის მოითხოვა. ამ ამბავზე, ფონდის წარმომადგენელმა პოზდოროვკინმა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან მუშაობის დეპარტამენტის დირექტორს, ოლეგ მალგინოვსაც მისწერა:

“(საიტის) ავტორის აზრით, ქართული ენის გამოყენება საიტზე საშუალებას მისცემთ (მეორე მსოფლიო ომზე) გამოქვეყნებული მასალები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ქართველებისთვის, პირველ რიგში კი ახალგაზრდებისთვის… ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მხრიდან მეორე მსოფლიო ომის ისტორიის დამახინჯების დასავლელი იდეოლოგების თანამედროვე მცდელობების წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს განსაკუთრებით ეხება საქართველოს, რომელიც დღეს აშშ-სა და ნატოს ძლიერი გავლენის ქვეშ იმყოფება და რომლის საზოგადოებაში ანტირუსული განწყობები საკმაოდ გავრცელებულია.”