ადრე 2000-იან წლებში, როცა არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში არსებობას იწყებდნენ, არენაზე გამოჩნდნენ ეთნიკურად რუსი დედა-შვილი, საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც თავიანთი წარმომავლობა რუსეთის მთავრობისგან სარგებლის მისაღებად კარგად გამოიყენეს. პარალელურად კი, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დასაცავად დაფინანსებას დასავლური, ევროპული თუ ამერიკული ფონდებისგანაც იღებდნენ.
ჩვენი გამოძიება აჩვენებს, რომ დიდად არც რუსების ინტერესებისთვის მოუკლავთ შრომით თავი და არც ევროპული ღირებულებებისთვის. როგორც მათმა ერთ-ერთმა პარტნიორმა გვითხრა, მათთვის მთავარი ფულია და არა ვინმეს ინტერესის მსახურებაო.
ბოლო 8 თვეა რუსული “პრავფონდიდან” გამოჟონილ ფაილებს ვკითხულობთ და ვაანალიზებთ. მასალა ხელში ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციას, OCCRP-სა და მის მოკავშირე მედიებს ჩაუვარდა და “აი, ფაქტს” მათზე მუშაობის საშუალება ამ გზით მიეცა. სწორედ ამ ათასობით მეილსა და დოკუმენტში ვიპოვეთ ინფორმაცია ალექსანდრე ბეჟენცევსა და დედამისზე, ალა ბეჟენცევაზე.
რა არის პრავფონდი?
„თანამემამულეთა დაცვისა და მხარდაჭერის ფონდი“ (ე.წ. “პრავფონდი”) 2012 წელს რუსეთის იმდროინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის დადგენილებით შეიქმნა. მისი დამფუძნებელი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროა, სხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად. ფონდის ოფიციალური მიზანი საზღვარგარეთ მცხოვრები რუსების სამართლებრივი მხარდაჭერაა. ფაქტობრივად კი, ის კრემლის გეოპოლიტიკური იარაღია, რომელიც „რბილი ძალის“ ინსტრუმენტად გამოიყენება ევროპაში, საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინასა და ცენტრალურ აზიაში. ფონდის მმართველ საბჭოში რუსი მაღალჩინოსნები სერგეი ლავროვი, გრიგორი კარასინი და სხვები არიან.
ფონდი 2023 წლიდან სანქცირებულია აშშ-სა და ევროკავშირის მიერ, რადგან სხვადასხვა ქვეყნებში კრემლის ინტერესების დასაფინანსებლად იყენებს ბიუჯეტს. ჟურნალისტური გამოძიებებით დადასტურებულია, რომ „პრავფონდი“ აფინანსებდა კრემლთან დაკავშირებული აგენტების, იარაღითა და ადამიანით მოვაჭრეების, ასევე ტერორისტული საქმეების მონაწილეთა იურიდიულ დახმარებას, მათ შორის ქართველი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის დაცვის ხარჯებსაც.
“გრანტების ეპოქის” სათავეებთან – ვინ არის ალა ბეჟენცევა
ალა ბეჟენცევა 72 წლისაა. პროფესიით ინჟინერ-კონსტრუქტორია. 15 წელი “Грузгипрогорстрой”-ში (საბჭოთა პერიოდის საპროექტო ინსტიტუტი თბილისში) მუშაობდა. თბილისის საპროექტო ინსტიტუტის დახურვის შემდეგ კი უმუშევარი დარჩა.
“როცა 90-იან წლებში ყველაფერი ნადგურდებოდა, რა პროექტირების ინსტიტუტებზე იყო საუბარი? მე დავრჩი უმუშევარი და ეს ძალიან რთული იყო ჩემთვის… ქედს ვიხრი იგორ სემიონოვიჩ ბოგომოლოვის ხსოვნის წინაშე, რომელმაც მაშინ პირველი საზოგადოებრივი მოძრაობა – “რუსული კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება” (РКПО) – შექმნა და მე ამ გაერთიანებაში მოვხვდი,” – ამბობდა ბეჟენცევა “ეხო კავკაზასთან” ინტერვიუში.
ამ მოძრაობაში ის კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილებებს ხელმძღვანელობდა.
შემდეგ კი საკუთარი ორგანიზაციებიც დააფუძნა.




