ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირების მიმართ პროკურატურა კვლავ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.
სახელმწიფო ბრალმდებლის, ვაჟა თოდუას შუამდგომლობის თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, კვლავ არსებობს ბრალდებულების მიმართ პატიმრობის გამოყენების საჭიროება. თოდუას თქმით, ბრალდებულების მხრიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელების, მტკიცებულებათა განადგურებისა და მიმალვის საფრთხე კვლავ არსებობს.
პროკურორის თქმით, დაკავებული პოლიტიკოსები მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, რომ 4 ოქტომბერს შეკრებილიყვნენ და იქ გააჟღერებდნენ გეგმას, „რომ 4 ოქტომბერს დაიწყებდნენ და დაასრულებდნენ“. საუბრობდნენ რევოლუციის საჭიროებაზე და ხელისუფლების დამხობაზე.
„წარმოდგენილ ერთ-ერთ ვიდეოში მურთაზ ზოდელავა, პაატა მანჯგალაძე, პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე, ყვებიან, რომ ამ აქციის ორგანიზატორები არიან.
კიდევ ერთი ვიდეოჩანაწერია წარმოდგენილი, სადაც პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა აჟღერებენ კანონსაწინააღმდეგო გეგმას და ხალხს კანონსაწინააღმდეგო მოქმედებისკენ – სასახლის ხელში ჩაგდებისკენ მოუწოდებენ.
წარმოდგენილია სასახლეში შეჭრის კადრები, სადაც ჩანს, რომ ორგანიზატორები აზიანებენ ღობეს და ეზოში იჭრებიან. ეზოში იმყოფებიან პაატა ბურჭულაძე და ლაშა ბერიძე, შემდეგ შედიან ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა. კადრებში ჩანს პოლიციელების მისამართით სხვადასხვა ნივთების სროლა, რბევა.
ირაკლი შაიშმელაშვილის წინააღმდეგ წარმოდგენილია არაერთი ვიდეო, ის სამართალდამცავებს სთხოვს არ შეასრულონ მათი ვალდებულებები და კონსტიტუციური წყობის დამხობისკენ მოწოდებას აკეთებს.
თორნიკე მჭედლიშვილი პოლიციელებზე ძალადობას ახორციელებდა, ის სასახლეში შეჭრას ცდილობდა.
კადრებში ჩანს, გური ჟვანია ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად როგორ ძალადობდა პოლიციელებზე. აქციის მონაწილეებს პოლიციის თანამშრომელი ჰყავდათ შებოჭილი, სადაც მიდის გური ჟვანია და შებოჭილ პოლიციელს ფეხს ურტყამს.
კადრებში ჩანს, რომ ირაკლი ჩხვირკია მონაწილეობს ძალადობაში, ის ხალხს სასახლის ეზოში შესვლისკენ მოუწოდებდა.
აღნიშნული ქმედებები ქმნის ვარაუდის საფუძველს, რომ ბრალდებულები თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში დანაშაულებრივ ქმედებებს გააგრძელებენ.
პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას და ირაკლი ნადირაძის არაერთი ინტერვიუა წარმოდგენილი, სადაც ისინი დანაშაულებრივი ქმედებების გაგრძელებაზე საუბრობენ. ისინი ადამიანებს რეგიონებიდან ჩამოსვლას და რევოლუციურ პროცესში შეერთებას სთხოვდნენ. ჩანაწერში ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა სასახლეში შეჭრის გეგმა მათი გეგმის ნაწილი, მურთაზ ზოდელავა პასუხობს, რომ კი”,- განაცხადა თოდუამ.




