ბათუმში, გონიოში მდებარე კოტეჯის Slice of Heaven-ის დამფუძნებლის, როენა წითელაძის ინფორმაციით, აზიური ბაზრიდან ტურისტების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა. ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი “ბიზნესპარტნიორთან” ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული სეგმენტის წარმომადგენლები მაღალმხარჯველუნარიანები არიან.
მისივე თქმით, აზიელი ვიზიტორების მხრიდან გარკვეული სახის ტენდენციები გამოიკვეთა, კერძოდ, შემოდგომა ზამთრის პერიოდში, აუზში თბილ წყალს ითხოვენ, ხოლო მოგზაურობისას საკუთარ ტრადიციულ კერძებს მიირთმევენ.
“აზიური ბაზრის ტურისტებს მომსახურება სტანდარტულად სურთ, ვერ გეტყვით, რომ ევროპელი ტურისტებისგან დიდად განსხვავდებიან. ჩვენი მომსახურების კუთხით სტანდარტულ სერვისებს ითხოვენ, კვების მიმართულებას რაც შეეხება, მაგალითად, ინდოელი სტუმრები ობიექტზე თავიანთი საკვებით ამოდიან და რამდენიმე დღით გვსტუმრობენ. ამასთან, დიდი მოთხოვნები არ აქვთ, ფასის დაკლებას არასდროს მთხოვენ. კოტეჯის ფასის მიმართულებით, რომ გესაუბროთ ტურისტული ობიექტის ფასის ღირებულება სეზონის მიხედვითაა და 200-დან 350 ლარის დიაპაზონში მერყეობს. რაც შეეხება, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც აზიელი ვიზიტორების კუთხით, გარკვეული სახის ტრენინგები ჩატარდება დადებითია, თუმცა ვფიქრობ, ჩვენი ტურიზმის სექტორს აბსოლუტური შესაძლებლობა აქვს, აღნიშნულ სეგმენტს გაუმკლავდეს და ადეკვატურად უპასუხოს”, – აცხადებს როენა წითელაძე.
კოტეჯის დამფუძნებელი, ზოგადად, ვიზიტორების შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ წინა წელთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით 20% შემცირდა.
“მაისიდან ჩავარდნები გვაქვს, გასულ წელს მსგავსი სიტუაცია არ გვქონდა, თითოეული დღე დატვირთული იყო. აღნიშნულ ცვალებადობას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ვუკავშირებ, ფასების ზრდა გვაქვს და ხალხს დასვენების საშუალება აღარ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ კოტეჯის ფასი არ გაგვიზრდია, ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა ბიზნესს ძალიან ეტყობა”, – აცხადებს როენა წითელაძე.
Slice of Heaven-ის დამფუძნებელი ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურის მიმართულებით პრობლემები თითქმის არ არის.
“გზა ბოლომდე გვაქვს, წყალი, გაზი, დენის პრობლემა არ გვაქვს. სანიშნე ნიშნულებიც არის, მოკლედ, ტურისტისთვის ამ მიმართულებით პრობლემა არ არის. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ – საპირფარეშოების პრობლემას ვაწყდებით, რაც ვფიქრობ მალე მოგვარდება”, – აღნიშნავს კოტეჯის დამფუძნებელი.
წყარო: ბიზნესპარტნიორი
