აზერბაიჯანში შესაძლოა ელექტრონული სიგარეტის გამოყენება აკრძალონ

აზერბაიჯანში, ეკონომიკური პოლიტიკის, მრეწველობისა და მეწარმეობის კომიტეტის თავმჯდომარე თაჰირ მირკიშილი ელექტრონული სიგარეტის მოხმარების აკრძალვის წინადადებით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც მედია იუწყება, მირკიშილის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ელექტრონული სიგარეტი მოწევის „მოდური“ სახეობაა, ფართოდ გავრცელებული ახალგაზრდებში, მაგრამ მომავალში ის ძალიან სერიოზულ გართულებებს გამოიწვევს.
„ უმეტეს ქვეყნებში ელექტრონული სიგარეტი აკრძალულია. აზერბაიჯანში მათი აკრძალვა არ არსებობს და ქვეყანაში წელიწადში დაახლოებით 3 მილიონი ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტი შემოდის. თუ ეკონომიკური თვალსაზრისით ზიანი არ არის, შეგვიძლია ამ საკითხზე ინიციატივა გამოვიჩინოთ,“ – აღნიშნა მან.