აზერბაიჯანმა და ჩინეთმა საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი მემორანდუმი გააფორმეს – ტრანსპორტის სფეროში

„ჩინეთი–ევროპის სარკინიგზო ექსპრესის ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს“ მხარეებმა ხელი ასტანაში მოაწერეს.
აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ რახმან გუმატოვმა აზერბაიჯანულ მედიასთან მემორანდუმის მნიშვნელობა და უპირატესობები განმარტა.
მინისტრის მოადგილის თქმით, ამ მემორანდუმით მხარეები შეთანხმდნენ, ერთობლივად იმუშაონ შუა დერეფნის გაფართოების პროცესის დაჩქარებაზე, ერთობლივად უზრუნველყონ დერეფნის უსაფრთხოება, სტაბილურობა და ხარისხიანი განვითარება.
გუმატოვის თქმით, გადაზიდვების კოორდინაციისა და ორგანიზების გასაძლიერებლად პლატფორმა შეიქმნება. ერთობლივად შეისწავლიან ოპტიმალურ მარშრუტებს, გაუმჯობესდება გადაზიდვის მომსახურებები და შუა დერეფანში მეტ ტვირთს მოიზიდავენ.
მისივე თქმით, მემორანდუმი შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებასაც შეუწყობს ხელს, მათ შორის ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალს, რომელიც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი მონაკვეთია.
gbc.ge