აზერბაიჯანი, რომელსაც რეგიონში მედია თავისუფლების კუთხით ყველაზე კრიტიკული მდგომარეობა აქვს, მზადაა საქართველოს საკუთარი გამოცდილებები გაუზიაროს.
“აზერბაიჯანს და საქართველოს აქვთ შესაძლებლობა ერთობლივად განახორციელონ პროექტები გლობალური საინფორმაციო საფრთხეების წინააღმდეგ და გააძლიერონ თანამშრომლობა ამ მიმართულებით”, – როგორც Trend-ი იუწყება, ამის შესახებ აზერბაიჯანის მედიის განვითარების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა აჰმედ ისმაილოვმა ბაქოში გამართული აზერბაიჯანულ-ქართული მედია ფორუმის გახსნაზე განაცხადა.
ფორუმის თემაა: „მედიის როლი საზოგადოებრივი ნდობის ჩამოყალიბებაში და საინფორმაციო უსაფრთხოება“.
საქართველოდან ბაქოში ფორუმის მონაწილეებს შორისაა პირველი არხის წარმომადგენელი რამილია ალიევა, სხვა მონაწილეების შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანულ მედიას ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
ისმაილოვის თქმით, “მედიის განვითარების სააგენტო უკვე ტრადიციად ქცეულ ნაბიჯებს დგამს საზოგადოებაში მედიაწიგნიერების ასამაღლებლად, ხოლო აზერბაიჯანში დეკემბერში გამართული მედიაწიგნიერების კვირეული კიდევ უფრო აძლიერებს განათლებრივ მუშაობას ამ სფეროში”.
„ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის ჩვენს ქართულ კოლეგებთან. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა რეგიონში თანამშრომლობის მაგალითია. აზერბაიჯანულ-ქართული მედია ფორუმი საშუალებას მოგვცემს მედიის სფეროში ურთიერთობები ახალ დონეზე ავიყვანოთ,“ – თქვა ისმაიილოვმა.
გამოცემა trend-ის ცნობით, ბაქოში მიმდინარე ფორუმზე განიხილავენ “მედიის გაძლიერების გზებს საინფორმაციო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჟურნალისტების პროფესიონალიზმის ამაღლებას, საზოგადოების მედიაწიგნიერების ზრდას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ფორუმის მიზანია ორი ქვეყნის მედიასფეროს თანამშრომლობის გაღრმავება, საინფორმაციო გარემოში ნდობის ზრდა და უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების სწორი შეფასება”.
აზერბაიჯანში მედია გარემო დღეს ერთ-ერთ ყველაზე შეზღუდულად ითვლება რეგიონში. ქვეყანაში მედია ბოლო წლებში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კვლავ შეფასებულია როგორც „არათავისუფალი“, დამოუკიდებელი ჟურნალისტების საქმიანობა ქვეყანაში ფაქტობრივად შეუძლებელია.
აზერბაიჯანის მედიის უდიდესი ნაწილი დღეს დაკავშირებულია ხელისუფლებასთან, პირდაპირ ან მფლობელობის, ან სარედაქციო პოლიტიკის თვალსაზრისით. რაც შეეხება დამოუკიდებელი პლატფორმებს, მათი დიდი ნაწილი წლების განმავლობაში დაიხურა, იძულებული გახდა ემიგრაციაში გადასულიყო ან ონლაინ რეჟიმზე გადასულიყო. დამოუკიდებელი ჟურნალისტების ნაწილი დღეს აზერბაიჯანის ციხეებშია გამოკეტილი მათ წინააღმდეგ სხვადასხვა სისხლის სამართლის ბრალდების შედეგად.
ამასთან, აზერბაიჯანმა მიიღო კანონი მედიის შესახებ, რომელიც ჟურნალისტად აღიარებისთვის საჭიროდ ხდის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას, მედია პლატფორმებს აკისრებს მკაცრ რეგულაციებს დაფინანსების წყაროებზე.




