აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტია: ერთ კვირაში ჩვენი სამი აქტივისტი დააკავეს

აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტია (PNFA) იუწყება, რომ ბოლო ერთ კვირაში სამართალდამცავებმა სამი პარტიული აქტივისტი დააკავეს. ორგანიზაცია დაკავებებს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად აფასებს.
როგორც პარტიაში აცხადებენ, 12 ნოემბერს ადმინისტრაციული წესით 30 დღით დააკავეს ფუად ნაგიევი, რომელიც ხათაინის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა. მისი კოლეგების ინფორმაციით, ნაგიევი სახლიდან გავიდა პარტიის ლიდერის, ალი ქერიმლის, წასაყვანად ეროვნული დემოკრატიული ძალების საბჭოს სხდომაზე, რის შემდეგაც კავშირი მასთან შეწყდა. მოგვიანებით თავად ნაგიევმა დარეკა იზოლატორიდან და დაადასტურა, რომ დაკავებულია.
ოფიციალური ინფორმაციით, ნაგიევს ბრალად ედება „წვრილმანი ხულიგნობა“ და „პოლიციის დაუმორჩილებლობა“. ანალოგიური ბრალდებებით ცოტა ხნით ადრე ადმინისტრაციულად იყვნენ დაკავებული PNFA-ის სხვა წევრები – ფარიდ გულიევი (30 დღით) და ვალიშან გასანოვი (15 დღით).
პარტიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა თეზეხან მირალამლიმ განაცხადა, რომ სამივე დაკავება დაკავშირებულია პარტიის თავმჯდომარესთან, ალი ქერიმლისთან:
„ყველა მათგანი მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ საკუთარ მანქანებზე აცილებდნენ ქერიმლის სხვადასხვა ღონისძიებაზე. მარტიდან მოყოლებული, ჩვენი 11 წევრი დააკავეს, ვინც პარტიის ლიდერს საჯარო შეხვედრებზე თან ახლდა,“ – თქვა მირალამლიმ.
თავად PNFA-ის ლიდერმა ალი ქერიმლიმ 7 ნოემბერს Facebook-ზე დაწერა, რომ მისი მხარდამჭერები, რომლებიც საზოგადოებრივ საფუძველზე მძღოლებად ან დაცვის მიზნით თან ახლდნენ, მიზანმიმართულად ხდებიან ხელისუფლების ზეწოლის ობიექტები.
„მიზანი ნათელია – ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინება და პარტიის გარშემო აქტივობის შეზღუდვა,“ – თქვა ქერიმლიმ.