„ჩვენი მტერი“: აზერბაიჯანის და საფრანგეთის დაპირისპირებამ დუღილის ტემპერატურას მიაღწია
მწვავე განცხადებები, ფართომასშტაბიანი არეულობები და კითხვები დისიდენტის მკვლელობასთან დაკავშირებით: აზერბაიჯანსა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური დაპირისპირება სრულმასშტაბიან კრიზისში გადაიზარდა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მკვეთრ დაღმასვლას გასული წლიდან განიცდის. შარშან პარიზმა დაგმო აზერბაიჯანის სამხედრო შეტევა სომეხი სეპარატისტების წინააღმდეგ ყარაბაღის რეგიონში, რომელიც, საბოლოო ჯამში, აზერბაიჯანის შემადგენობაში შევიდა. ოფიციალური პარიზის განცხადებით, ბაქომ საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიებზე სეპარატისტული მოძრაობების გაღვივება დაიწყო, საკუთარ ქვეყანაში კი, სახელმწიფო ტელევიზიებისა და გაზეთების გამოყენებით, ანტიფრანგულ განწყობებს ახალისებს. ეს მტრობა აზერბაიჯანის დედაქალაქის ქუჩებშიც აირეკლება, სადაც ხალხი მაკრონის მიმართ რისხვას არ მალავს.
„ჩვენ გვიყვარს საფრანგეთი და განვასხვავებთ ფრანგ ხალხს და მის მთავრობას, მაგრამ მაკრონის საფრანგეთი აშკარად ჩვენი მტერია“, – განუცხადა სააგენტო „ფრანს პრესს“ პენსიაზე გასულმა მათემატიკის მასწავლებელმა, 71 წლის ვაგიფ ჰუსეინოვმა, ფარმაცევტმა მეჰრიბან მირკასიმოვამ კი აღნიშნა, რომ მისმა 14 წლის ქალიშვილმა „უარი თქვა ფრანგული ენის შესწავლაზე, რომელიც ადრე ძალიან უყვარდა“. „ბავშვებიც კი ხედავენ საფრანგეთის უსამართლობას“, – დასძინა მან. პარიზი, თავის მხრივ, ბაქოს მისი (საფრანგეთის) ზღვისიქითა ტერიტორიების საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.
საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიების დამოუკიდებლობის მომხრე პარტიები ივლისში, ერთ-ერთი აზერბაიჯანული ჯგუფის მხარდაჭერით ბაქოში გამართულ შეხვედრაზე, ერთობლივი „განმათავისუფლებელი ფრონტის“ შექმნაზე შეთანხმდნენ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მაისში საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია – ახალი კალედონია ფართომასშტაბიანმა არეულობამ მოიცვა, რომლის დროსაც მომიტინგეებმა აზერბაიჯანის დროშები და ალიევის პორტრეტები გამოფინეს, ბაქოში კი საფრანგეთის პოლინეზიის დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერებს უმასპინძლეს კონფერენციაზე, რომელიც მისი „დეკოლონიზაციის უფლებას“ მიეძღვნა.
მაისში, საფრანგეთის შინაგან საქმეთა და ზღვისიქითა ტერიტორიების მაშინდელმა მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა განაცხადა: „აზერბაიჯანი არ არის ფანტაზია, ის რეალობაა… ახალი კალედონიის ზოგიერთმა სეპარატისტმა ბაქოსთან გარიგება დადო“. მისი თქმით, აზერბაიჯანის ჩარევა სხვა ტერიტორიებსაც ეხება, მათ შორის -საფრანგეთის გვიანას, ანტილიის კუნძულებს, მაიოტასა და საფრანგეთის პოლინეზიას. ახალი კალედონიის დამოუკიდებლობის მომხრე ლიდერები აზერბაიჯანის ჩარევას უარყოფენ. ახალი კალედონიის კონგრესის ყოფილმა პრეზიდენტმა და დამოუკიდებლობის მომხრე პოლიტიკოსმა, როჩ ვამიტანმა „ფრანს პრესს“ განუცხადა, რომ 2023 წელს ის ბაქოში მხოლოდ იმიტომ გაემგზავრა, რომ აზერბაიჯანი იმ დროს მიუმხრობლობის მოძრაობის შეხვედრას თავმჯდომარეობდა.
ახალი კალედონიის კონგრესსა და აზერბაიჯანის პარლამენტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ვამიტანმა ხელი აპრილში მოაწერა, მისმა მემკვიდრედ ბათილად ცნო. ფრანგულმა დიპლომატიურმა წყარომ „ფრანს პრესს“ განუცხადა, რომ საფრანგეთის მიმართ ბაქოს „მტრული ქმედებები“ შეშფოთების მიზეზია, თუმცა ეს პარიზსა და ბაქოს შორის ურთიერთობების სრულ გაწყვეტას არ იწვევს. დაძაბულობის ზრდის კვალობაზე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საფრანგეთის მოქალაქე თეო კლერკს, ბაქოს მეტროში წარწერების გაკეთებისთვის, სექტემბერში სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, პარიზმა თავის მოქალაქეებს აზერბაიჯანში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. ამ თვის დასაწყისში კი აღმოსავლეთ საფრანგეთის ქალაქ მიულუზში, აზერბაიჯანელი დისიდენტი, ვიდადი ისკანდარლი საკუთარ სახლში დანით მოკლეს.
მის ძალადობრივ სიკვდილთან დაკავშირებული კითხვები საფრანგეთში მწვავედ გაისმის, დამნაშავე კი ჯერ არ არის ნაპოვნი. ორ ქვეყანას შორის კავშირები, მრავალი წლის განმავლობაში, სტაბილური იყო, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი, სადაც დიდი სომხური დიასპორა ცხოვრობს, მხარს უჭერდა ერევანს აზერბაიჯანთან ტერიტორიულ კონფლიქტში, რომელიც რამდენიმე ათეული წელია გრძელდება. ეს დინამიკა გასულ წელს მას შემდეგ შეიცვალა, რაც ბაქომ დაიბრუნა ყარაბაღის რეგიონი, რომელსაც სომეხი სეპარატისტები სამი ათეული წლის განმავლობაში აკონტროლებდნენ. მთიანი ანკლავის მთელმა სომხურმა მოსახლეობამ, რომელიც 100 000-ზე მეტ ადამიანს შეადგენდა, საკუთარი სახლები დატოვა, რაც ერევნის თქმით, ეთნიკური წმენდის სახელმძღვანელოში შესატანი მაგალითი გახდა.
„ოფიციალური პარიზის მხრიდან ერევნის ბრალდებების მხარდაჭერამ აზერბაიჯანი გააღიზიანა და ბაქომ ეს აღიქვა, როგორც ყარაბაღზე მისი სუვერენიტეტის მიმართ „გამოწვევა“, – ამბობს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის თანამშრომელი, გელა ვასაძე, სამხრეთ კავკასიის კვლევების ცენტრის დირექტორი, ფარჰად მამედოვი კი აცხადებს: „დღეს საფრანგეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების პერსპექტივა არ არსებობს“. სააგენტო „ფრანს პრესისთვის“ გამოგზავნილ წერილობით განცხადებაში, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ 2020 წლის ომის შემდეგ, საფრანგეთმა „ღია და აშკარად ანტიაზერბაიჯანული ქმედებები“ განახორციელა. დაძაბულობა განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ახლა, როდესაც აზერბაიჯანი კლიმატის ცვლილებების საკითხზე გაერო-ს კონფერენციის მასპინძლობისთვის ემზადება. COP29 მომავალ თვეში ბაქოში ჩატარდება და მას, სავარაუდოდ, საფრანგეთიც დაესწრება.
ფრანგულმა დიპლომატიურმა წყარომ „ფრანს პრესს“ განუცხადა, რომ კრიზისი „არანაირად არ იმოქმედებს კლიმატის საკითხებზე მოლაპარაკებების მიმართ საფრანგეთის ერთგულებაზე“. თავის მხრივ, შვეიცარიელმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა, რაუფ მირგადიროვმა აღნიშნა: „აზერბაიჯანმა კარგად იცის დასავლური დემოკრატიის წითელი ხაზები და ცდილობს, არ გადაკვეთოს ისინი“. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის კრიტიკას აზერბაიჯანი შიდა აუდიტორიისთვის იყენებს, ბევრი ფრანგული კომპანია აგრძელებს ინვესტიციების ჩადებას აზერბაიჯანის მზარდ ენერგეტიკულ ინდუსტრიაში. „აზერბაიჯან-საფრანგეთის ურთიერთობები უიმედოდ არ არის დაზიანებული“, – მიიჩნევს მირგადიროვი.
წყარო: 1tv.ge