აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, ინფორმაცია თავდაპირველად აზერბაჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მინისტრებმა “ორ ქვეყანას შორის მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა და პერსპექტივები” განიხილეს.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს მომავალ წელს მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტების შემდგომი გაფართოების მნიშვნელობას. მათ ასევე განიხილეს “რეგიონში ვაჭრობისა და კომუნიკაციის საკითხები და მიესალმნენ ამ მიმართულებით გაწეულ ძალისხმევას”.
“კმაყოფილებით აღნიშნეს აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების საქართველოს გავლით სომხეთში ექსპორტის ტარიფებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება და ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელების მნიშვნელობას. მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელმძღვანელობას საკითხის დროულად გადაწყვეტისთვის“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრებმა შეაჯამეს განვლილი წელი და განიხილეს ქვეყნებს შორის მიმდინარე სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
“განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით მიღწეულ პროგრესს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების საქართველოს გავლით სომხეთში ტრანსპორტირების საკითხის სწრაფი გადაწყვეტისთვის.
რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის და სტაბილურობის მნიშვნელობას და საქართველოს მზაობას, თავისი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობაში.
მანამდე, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ სომხეთში აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების საქართველოთი ტრანზიტის ტარიფთან დაკავშირებით საკითხი მოგვარებულია.
პარასკევს, 26 დეკემბერს, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ჯეიჰუნ ბაირამოვმა თქვა, რომ თავდაპირველად საქართველოს მიერ დასახელებული ტარიფი „მართლაც ძალიან მაღალი“ იყო.
„ამან აზერბაიჯანში კითხვები გააჩინა, რადგან ეს [ტარიფი] არ შეესაბამებოდა არსებულ პრაქტიკას“, – თქვა მან და განაგრძო:
„მოკლე დროში საქართველოს ხელმძღვანელობა ჩაერია საკითხში და საკითხი მოგვარდა. კომპანიებს შორის შედგა შეთანხმება ბაზრის პირობებთან სრულად შესაბამის ტარიფზე“.
აზერბაიჯანული პროსამთავრობო მედიის ცნობით, ბაირამოვმა თქვა, რომ შეთანხმება შედგა საქართველოს რკინიგზასთან.
მანამდე სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ აზერბაიჯანიდან სომხეთში საქართველოს რკინიგზის გავლით ტვირთების ტრანზიტის თავდაპირველი ფასი, რაც საქართველომ დაასახელა, მიიჩნიეს, რომ არის „შედარებით მაღალი“ და „არაკონკურენტული“, თუმცა მოლაპარაკებები კვლავ გრძელდებოდა.
კიდევ უფრო ადრე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ აზერბაიჯანიდან ნავთობპროდუქტების საქართველოს გავლით სომხეთში მიწოდებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემა არსებობდა, რაც თბილისის მიერ დასახელებულ ტარიფს უკავშირდებოდა.
18 დეკემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) სომხეთს 22 ცისტერნით 1220 ტონა АИ‑95 მარკის ბენზინი გაუგზავნა. ტვირთი დანიშნულების ადგილას მეორე დღეს ჩავიდა.
· დეკემბრის დასაწყისში აზერბაიჯანის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველომ „უსაფუძვლოდ მაღალი“ ტარიფი მოითხოვა საწვავის ტრანზიტისთვის.
· აზერბაიჯანულ პროსამთავრობო მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების გადასაზიდად საქართველომ ერთ ტონაზე „92$-იანი ტარიფი“ მოითხოვა.
· თბილისში პასუხად განაცხადეს, რომ აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის „ერთჯერად იმპორტს“ სახელმწიფო „სრულიად უსასყიდლოდ“ განახორციელებდა.
· ჯერჯერობით საჯაროდ არ დასახელებულა ტარიფის ის განაკვეთი, რაზეც მხარეები მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმდნენ.
ფორუმი