მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ ერევანმა სამშვიდობო შეთანხმების ბოლო ორი პირობა მიიღო, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტის დამადასტურებელი განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში უკმაყოფილებაა გამოთქმული, რომ ინფორმაცია ბაქომ ცალმხრივად გაავრცელა და შეთავაზებულია საერთო განცხადების გაკეთება. აღნიშნულია, რომ სომხეთი მზადაა აზერბაიჯანთან დაიწყოს კონსულტაციები და შეარჩიონ შეთანხმების ხელმოწერის ადგილი და დრო.
“სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური გზებით აცნობა, რომ სომხეთი იღებს აზერბაიჯანის წინადადებებს, რომლებიც ეხება “სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შეთანხმების” სამუშაო ვერსიის ორ შეუთანხმებელ პუნქტს და შესთავაზა [აზერბაიანს] ერთობლივი განცხადების გაკეთება, რომელიც დაადასტურებს სამშვიდობო შეთანხმების ტექსტსა და სამუშაო ვერსიაზე მოლაპარაკებების დასრულებას. ოფიციალურმა ბაქომ ცალმხრივი განცხადების გაკეთება ამჯობინა.
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ “სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შეთანხმების” სამუშაო ვერსიაზე თანხმობა მიღწეულია და რომ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დასრულებულია.
შესაბამისად, სამშვიდობო შეთანხმება ხელმოსაწერად მზადაა. სომხეთის რესპუბლიკა მზადაა დაიწყოს კონსულტაციები აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან შეთანხმების ხელმოწერის დროსა და ლოკაციაზე.” – ნათქვამია განცხადებაში.
ხელშეკრულების ორი დაუზუსტებელი მუხლი ეხებოდა ორი ქვეყნის მიერ ერთანეთის წინააღმდეგ არსებული საერთაშორისო საჩივრების გაუქმებასა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მესამე ქვეყნების ძალების განლაგების აკრძალვას.
tabula.ge
