განახლებულ აზერბაიჯანელი პოლიტპატიმრების სიაში, რომელიც უფლებადამცველებმა შეადგინეს, შეტანილია 392 ადამიანი. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში პოლიტპატიმართა სია 17 ახალი სახელით გაიზარდა. სიის ავტორებმა ახალ ტენდენციად პოლიტიკური მოტივებით ქალების აქტიური დევნა დაასახელეს – წერს გამოცემა “კავკაზსკი უზელი”.
გამოცემის ცნობითვე, 2024 წელს აზერბაიჯანში პოლიტპატიმართა რაოდენობამ პირველად 2000-იანი წლების დასაწყისიდან გადააჭარბა 300-ს. 2025 წლის 12 თებერვალს გაერთიანებამ „აზერბაიჯანში პოლიტპატიმრების თავისუფლებისთვის“ გამოაქვეყნა ახალი სია, რომელშიც 357 სახელი იყო შეტანილი, ხოლო 10 ივნისს განახლებულ სიაში უკვე 375 ადამიანი იყო.
სია შეადგინეს გაერთიანების თანაკოორდინატორებმა მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის დირექტორმა ლეილა იუნუსმა და პოლიტპატიმართა მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელმა ელშან ჰასანოვმა.
სულ 392 პოლიტპატიმარი დაყოფილია 12 კატეგორიად, მათ შორის:
ჟურნალისტები და ბლოგერები – 31 ადამიანი,
უფლებადამცველები – 7,
ოპოზიციური პარტიების წევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები – 39,
ეროვნული უმცირესობების აქტივისტები – 5,
ანტისაომარი აქტივისტები – 2,
სოიუდლუს მოვლენებთან დაკავშირებულნი – 2,
გერმანიიდან დეპორტირებული პოლიტიკური ემიგრანტები – 5,
მორწმუნეები – 249,
ტერტერის საქმის მიხედვით მსჯავრდებულები – 8,
განჯის საქმეზე მსჯავრდებულები – 13,
განუსაზღვრელი ვადით პატიმრები – 12,
იმიშლის საქმის მიხედვით დაკავებულები – 19.
ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ყველა ეს ადამიანი კანონიერადაა გასამართლებული.
„უმეტეს შემთხვევაში ესენი არიან ჯგუფები, რომლებიც მონაწილეობდნენ საერთაშორისო პროექტებში, რომლებიც აზერბაიჯანის კანონმდებლობის შესაბამისად უნდა რეგისტრირებულიყვნენ და ლეგიტიმურად ემოქმედათ. საქმიანობა ამ ჩარჩოს მიღმა წარმოადგენს კონტრაბანდასა და გადასახადების გადახდისგან თავის არიდებას,“ – განაცხადა აზერბაიჯანის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაჰიდ ორუჯმა სააგენტო Turan-თან ინტერვიუში.




