14 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა და მედიამენეჯერმა, მზია ამაღლობელმა მისცა ჩვენება. „ბათუმელები“ გთავაზობთ მზია ამაღლობელის სასამართლოში მიცემული ჩვენების სტენოგრამას, მცირე შემოკლებით.
„ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა მზია ამაღლობელის ჩვენების პირველი ნაწილიც, სადაც მზია ამაღლობელმა სასამართლოს უამბო, რა გარემოებებში დააკავეს პოლიციის შენობასთან სტიკერის გაკვრისთვის 11 იანვარს. გათავისუფლებიდან მოკლე ხანში მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესით დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსზე სილის გაწვნისთვის. სწორედ ამ ეპიზოდზე ისაუბრა მზია ამაღლობელმა სასამართლოში და მოსამართლეს მოუყვა იმის შესახებაც, რა ხდებოდა მისი დაკავების შემდეგ – როგორ შეაფურთხა მას პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ.
ახლობლებთან ვსაუბრობდი, როცა რაღაცნაირი ხმაური ატყდა. „აკავებენ“ – ოღონდ ამას მერე მოვკარი ყური.
არ ვიცი როგორ მოხდა, მაგრამ მარჯვენა განაპირა მხარეს ვიდექი და უცებ, როცა მიმოვიხედე, აღმოჩნდა, რომ მარცხენა მხარეს ვარ, სადღაც ჭიშკართან ახლოს, პოლიციელების და ნიღბიანების გარემოცვაში.
გეფიცებით, ვერაფრით ვერ ვხვდები, რამდენჯერაც არ დავუბრუნდი ამ მომენტს, როგორ აღმოვჩნდი იქ. თქვენ რომ შემომიტანეთ ვიდეოები, მერე აღვიდგინე, რომ როგორც ჩანს, პოლიციური მანევრირება ჰქონდათ ასეთი.
… მანამდე პოლიციის შენობის გარეთ აქციის მონაწილეების გათავისუფლებას ელოდებოდნენ სრულიად მშვიდ გარემოში.
უკვე მოკითხვის პროცესი იყო ერთმანეთის და წასვლას ვაპირებდით.
ძალიან ცუდად ვიყავი. ჩემს ძმისშვილს ვთხოვე, იქნებ გამაყუჩებელი გქონდეს-მეთქი. შიგნით [პოლიციის შენობაში] არ ჰქონდათ გამაყუჩებელი და ფეხზე ძლივს ვიდექი.
· ადვოკატი: გაბაიძეების დაკავება როგორ იწყება, ცოტა უკან მიგაბრუნებთ ისევ, რომ ცხადად დავინახოთ და მერე რა ხდება თქვენს დაკავებამდე…
მზია ამაღლობელი: გაბაიძეების დაკავება არ დამინახავს. გიგი იყო ჩემს გვერდით, ასევე, ჩემი ძმისშვილები, ახლობლები…
ადამიანები, აქციის სხვადასხვა მონაწილეები იყვნენ, მაგრამ ვხედავდი ციალას და მინდოდა, როგორც კი გათავისუფლდებოდა, დავლაპარაკებოდი და წავსულიყავი.
თან ადვოკატს მინდოდა დავლაპარაკებოდი, სხვა დაკავებულების შესახებ მინდოდა გამეგო და წავსულიყავი.
… [ჩოჩქოლის ატეხის შემდეგ] ტელერეპორტაცია რომ მოხდება, ისე მარჯვენა მხრიდან მარცხენა მხარეს, როგორ აღმოვჩნდი არ ვიცი, მაგრამ როცა მიმოვიხედე, მართლა მარტო მე ვიყავი. პოლიციელები იყვნენ ირგვლივ, თან ნიღბიანი პოლიციელები და მესმოდა ხმები: „არ დააკავოთ“ „რატომ დააკავეთ“…
· ადვოკატი: თქვენ აღწერთ სიტუაციას მას შემდეგ, რაც პოლიცია ერთბაშად გამოვარდა?
მზია ამაღლობელი: კი, ზუსტად მაგას ვამბობ. ეს გამოვარდნა იმდენად სწრაფად მოხდა, რომ გამოვარდნა კი ვერ დავინახე, არამედ მათ ალყაში აღმოვჩნდი.
დააკავესო როცა ამბობდნენ, ბუნებრივია, თვალი წამივიდა ჭიშკრისკენ, დავინახე გიგის [გიორგი გაბაიძის] ყვითელი ქურთუკი როგორ ჩაიკარგა ჭიშკრის მიღმა და მივხვდი, რომ გიგი დააკავეს.
· ადვოკატი: თქვენ აღწერეთ – გარეთ სიმშვიდეა, პოლიციელები არ დგანან. ერთბაშად აღმოჩნდით მათ ალყაში. მინდა დამიზუსტოთ მაინც, ხომ არ გაგიგონიათ ამ დროს, რომ ვინმე იგინებოდა პოლიციის მისამართით და განსაკუთრებით გიგი გაბაიძე თუ იგინებოდა ან რაიმეს თუ გამოხატავდა ვინმე პოლიციელის მისამართით…
მზია ამაღლობელი: ისეთივე მტკიცებით ფორმაში შემიძლია ვთქვა, გიგი რომ არ იგინებოდა, როცა ვამბობ, რომ ვანაძე ცრუობს, როცა ამბობს, რომ მე ვიგინებოდი.
არ გამიგია გიგის გინება. ჩემს გვერდით იყო და რა ვიცი, ჩემთვის უნდა შეეგინებინა მაშინ, ვისთვის უნდა შეეგინებინა, აქციის მონაწილეები იყვნენ მარტო იქ.
· ადვოკატი: განაგრძეთ. მე გაგაწყვეტინეთ, პოლიციელების გარემოცვაში აღმოვჩნდი მოულოდნელადო…
მზია ამაღლობელი: როგორც გითხარით, პოლიციელების და შავნიღბიანი ადამიანების გარემოცვაში აღმოვჩნდი – არ ვიცი ისინი რამდენად იყვნენ პოლიციელები.
