“ავტორიტეტულ პიროვნებას რამე ხომ არ დაუვალებიაო?” – აქტივისტი ლაშა დიაროვი მოსამართლის წინაშე გამოკითხეს

22 მაისს ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე, აქტივისტი ლაშა დიაროვი კრიმინალურმა პოლიციამ სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხა სისხლის სამართლის საქმეზე.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში დიაროვი ამბობს, რომ გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით იყო, თუმცა მის მიმართ “ისეთი უცნაური” შეკითხვები იყო, “თან ბრალდებასაც რომ შეიცავდა”. მისივე თქმით, კითხვები დაუსვეს პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციებზეც და გმირთა მოედნის გადაკეტვაზეც.
“ყველაზე დასამახსოვრებელი იყო კითხებიდან, შენთვის ავტორიტეტულ პიროვნებასთან ერთად ხომ არ იყავი და რამე ხომ არ დაუვალებიაო? თუ დაუორგანიზაბიაო? ვისზე უნდათ გასვლა, კაცმა არ იცის, იმასაც არ მეუბნებიან ვის გულისხმობენ, თან შეფარვით მეკითხებიან, მაგალითად გზას ხომ არ ბლოკავდიო? პარლამენტზეც იყო კითხვები და გმირთა მოედანზეც. როგორმე უნდათ სადმე რაიმით გამოგიჭირონ”, – ამბობს დიაროვი.
კითხვაზე, კონკრეტულად რომელ საპროტესტო დღეს გულისხმობდნენ სამართალდამცავები, დიაროვი პასუხობს, რომ რამდენიმე დღე დაასახელეს: “ამ და ამ დღეს ამ და ამ დროს სად იყავიო, ვუთხარი, რომ არ მახსოვს, სად ვიყავი, ლოგიკურია. 3 დღე დამისახელეს, არ მახსოვს, ზუსტად რომელი. პირდაპირ პარლამენტის ბლოკირება არ უხსენებიათ, მაგრამ მიანიშნებდნენ კითხვებით, ჩიტაძის ქუჩაზე სად იდექიო, პოლიციის მოწოდებას ემორჩილებოდი თუ არაო. გმირთა მოედნის ბლოკირებაზე პირდაპირ მკითხა შენ ხომ აორგანიზებდიო?”
მისივე შეფასებით, ხელისუფლებას აქტიური ადამიანების დაშინება აქვს განზრახული:
“როგორც ჩანს, მიზანი აქვთ დააშინონ აქტიური ხალხი და ამიტომ ყველას იბარებენ. მეორე მიზანია, გვერდიდან მოვლით, იქნებ ვინმეს რაღაც წამოაცდენინონ. ეს არის ჩვეულებრივი რუსული მეთოდი, ამას იყენებდნენ ბელორუსშიც, თავის დროზე იანუკოვიჩი იყენებდა ში”.
ლაშა დიაროვს უწყება 17 მაისს ჩაბარდა. ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც დიაროვმა აჩვენა რადიო თავისუფლებას, გამოკითხვაზე გამოძახების მიზეზად „საპროცესო მოქმედების ჩატარებაა” დასახელებული.
საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს მესამე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსებულ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს „უცხოური გავლენის გამტარებად“ რეგისტრაციას დაავალდებულებს. კანონპროექტი ჯერ არ ამოქმედებულა, მას 18 მაისს პრეზიდენტმა ვეტო დაადო და განსახილველად პარლამენტს დაუბრუნა. მისი თქმით, ეს არის „რუსული კანონი“ და ეწინააღმდეგება როგორც ქვეყნის კონსტიტუციას, ისე ევროპულ სტანდარტს.
ვეტოს დაძლევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა საკმარისია, საპარლამენტო უმრავლესობას კი მეტი – 83 ხმა აქვს.

სადავო კანონპროექტის ინიციირების შემდეგ, მის წინააღმდეგ თვეზე მეტია თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მიმდინარებს.
ცნობილია, რომ 24 მაისს თბილისში, თავისუფლების მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე, მარშია დაგეგმილი. ორგანიზატორების ინფორმაციით, მსვლელობა 19:00 საათზე დაიწყება და დემონსტრანტები სოლიდარობას გამოუცხადებენ პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულ, დაპატიმრებულ და დაზარალებულ პირს.
ფორუმი