ავტოიმპორტიორებს შეიძლება მანქანების გაყიდვა განახევრებულ ფასად მოუწიოთ – რა შედეგები მოჰყვება 10 წელზე მეტი ასაკის მანქანის შემოყვანის აკრძალვას

ბაზარმა შეიძლება ადამიანები აიძულოს, რომ სწორედ ამ შეზღუდვაში მოყოლილი საექსპორტოდ გამზადებული მანქანები განახევრებულ ფასად გაყიდონ – ასე ეხმაურება ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ალექსი ნონიაძე 10 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილებას.
როგორც ცნობილია, 2024 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში 2013 წლის ჩათვლით გამოშვებული მსუბუქი ავტომობილების იმპორტი აიკრძალება. 2025 წლის პირველი იანვრიდან კი, ავტობუსებისა და სხვა, 10 წელზე ადრე გამოშვებული სატრანსპორტო საშუალებების.
აღნიშნული შეზღუდვა თავისთავად შეამცირებს 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების რაოდენობას. მყიდველები კი იძულებულები იქნებიან, რომ 2014 წელს, ან მას შემდგომ გამოშვებული მანქანები შეიძინონ.
ის რომ, საქართველოს ბაზარი ძველი ავტომობილებითაა გაჯერებული, სტატისტიკური მონაცემებიც მოწმობს. „საქსტატის“ სტატისტიკით, ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია 1 563 165 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, აქედან 1 375 980 ერთეული 10 წელზე მეტი ასაკისაა, ანუ დაახლოებით 88%.
საქართველო ბოლო წლებია, რაც ავტო ვაჭრობის კუთხით განსაკუთრებით გააქტიურდა და მანქანის შეძენის მსურველები სხვადასხვა ქვეყნიდან – სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ყიგრიზეთიდან და ბელგიიდანაც კი ჩამოდიან. აქედან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკისთვის, რეექსპორტი საკმაოდ მნიშვნელოვან და საკვანძო შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში, სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტი ათეულში პირველი ადგილი 1,762 მლრდ დოლარით მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა, რაც მთელი ექსპორტის 34.5%-ს შეადგენს. ასევე მაღალია მაჩვენებელი იმპორტშიც, კერძოდ, წელს იანვარ-ოქტომბერში ქვეყანაში სულ შემოვიდა 2,589 მლრდ დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი, რაც მთლიანი იმპორტის 20,4%-ს შეადგენს.
ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ალექსი ნონიაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ავტოიმპორტიორები ორი უდიდესი პრობლემის წინაშე დგანან, ვინაიდან გასარკვევია ის საშეღავათო პერიოდი, რომელიც მათ კანონით ეკუთვნით და აგრეთვე ჯერ კიდევ არაა ცნობილი, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მყიდველის ავტომობილი გზაშია, უნდა ჩამოვიდეს დეკემბერში, მაგრამ ის იგვიანებს და ჩამოსვლა უწევს 2024 წლის პირველი იანვრის შემდგომ.
„როგორც დადგენილებაშია, 2024 წლის პირველი იანვრიდან აიკრძალება განბაჟება. თუ შეძენილი მყავს მე ავტომობილი და შემოვიდა დეკემბერში და გამოვიყვანე საბაჟო ტერმინალიდან. ამ შემთხვევაში მე ვერ ვისარგებლებ 3-თვიანი განბაჟების ვადით და იძულებული ვიქნები, რომ მანქანა 2024 წლამდე განვაბაჟო. ასევე შესაძლოა, მანქანამ დაიგვიანოს და ანალოგიური პრობლემის წინაშე დადგეს ნებისმიერი ადამიანი.
რეექსპორტის საკითხიც რთულად დგას, ვინაიდან უკვე აზერბაიჯანმაც აკრძალა ქვეყანაში 2013 წლამდე მანქანების შეყვანა და ზოგადად ბაზარმა შეიძლება ადამიანები აიძულოს, რომ სწორედ ამ შეზღუდვაში მოყოლილი საექსპორტოდ გამზადებული მანქანები განახევრებულ ფასად გაყიდონ“, – განაცხადა ალექსი ნონიაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში.
ასოციაციის ხელმძღვანელს ასევე ვკითხეთ, თუ რაში იყო ამ რთული სიტუაციიდან გამოსავალი, რაზეც მან გვიპასუხა, რომ მთავრობამ აუცილებლად უნდა შექმნას ე.წ. „გარდამავალი პერიოდი“ იმ ადამიანებისთვის, ვისაც გზაში ჰყავს ავტომობილი, ან ფინანსური მიზეზების გამო განბაჟებას ვერ ახდენს.
bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ