გეოსტრატეგიული კატასტროფა იქნება, თუ ევროკომისია დასავლეთ ბალკანეთს გამადიდებელი შუშით დააკვირდება, ხოლო უკრაინას ვარდისფერი სათვალეებით შეხედავს, – ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ შალენბერგმა განაცხადა.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინას დასავლეთ ბალკანეთთან უპირატესობა არ უნდა მიანიჭონ, როცა გადაწყვეტენ დაიწყონ თუ არა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები.
„გეოსტრატეგიული კატასტროფა იქნება, თუ ევროკომისია დასავლეთ ბალკანეთს გამადიდებელი შუშით დააკვირდება, ხოლო უკრაინას ვარდისფერი სათვალეებით შეხედავს“, – განაცხადა შალენბერგმა.
კითხვაზე, დაადებს თუ არა ავსტრია ვეტოს უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, იმ შემთხვევაში, თუ მწვანე შუქი ბოსნიასაც არ მიეცემა, შალენბერგმა უპასუხა, რომ ამ მხრივ დისკუსიები სწორი მიმართულებით ვითარდება.