31 აგვისტოს ათასობით ადამიანი შეუერთდა ავსტრალიაში გამართულ ანტიიმიგრანტულ აქციებს, რომლებიც ხელისუფლებამ „სიძულვილის გაღვივებისა“ და ნეონაცისტურ დაჯგუფებებთან კავშირის გამო დაგმო.
„მარში ავსტრალიისთვის“ – მსვლელობები ამ სახელწოდებით გაიმართა როგორც სიდნეიში, ისე სხვა შტატების დედაქალაქებსა და რეგიონულ ცენტრებში.
მარშების ორგანიზატორების ვებგვერდზე წერია, რომ „მასობრივმა მიგრაციამ შეარყია ის კავშირები, რომლებიც საზოგადოებას აერთიანებდა.“
ჯგუფმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ მარშის მიზანია „გააკეთოს ის, რისი გამბედაობაც მმართველ პოლიტიკოსებს არასდროს აქვთ – მოითხოვონ მასობრივი იმიგრაციის დასრულება“.
ავსტრალია, სადაც სადაც ყოველი მეორე ადამიანი უცხოეთშია დაბადებული ან ჰყავს უცხოეთში დაბადებული თუნდაც ერთი მშობელი, ბოლო წლებში ნეონაცისტურ და ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის ზრდას ებრძვის.
„ჩვენ ვგმობთ „მარშს ავსტრალიისთის“. ის არ არის მიმართული სოციალური ერთიანობისკენ“, – განაცხადა შრომის პარტიის მინისტრმა მარი უატმა Sky News-სთან საუბარში.
მისი თქმით, აქცია „ორგანიზებული იყო ნეონაცისტური ჯგუფების მიერ“.
სიდნეის მარშზე, სადაც 5,000-დან 8,000-მდე მონაწილე მივიდა. მონაწილეთა უმეტესობას ავსტრალიის დროშები ჰქონდა შემოხვეული. მსვლელობა სიდნეის ცნობილი მარათონის მარშრუტის მახლობლად გაიმართა.
ამ მარშის პარალელურად გაიმართა კონტრადემონსტრაცია, რომელიც „ლტოლვილთა კოალიციის“ მიერ იყო ორგანიზებული. ჯგუფის წარმომადგენელმა განაცხადა:
„ჩვენი აქცია აჩვენებს საზოგადოებაში არსებულ ზიზღსა და რისხვას ულტრამემარჯვენე დღის წესრიგის მიმართ“. ორგანიზატორების თქმით, მათ აქციას ასობით ადამიანი დაესწრო.
მასშტაბური მსვლელობა გაიმართა მელბურნშიც. ABC-ის კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა. ინციდენტის დეტალებს პოლიცია, სავარაუდოდ, მოგვიანებით გაასაჯაროებს.
სიდნეის აქციის მონაწილემ, გლენ ალჩინმა Reuters-ს განუცხადა, რომ ის მიგრაციის „შენელებას“ ითხოვს:
„ჩვენი ქვეყანა გადაივსო, მთავრობა კი კიდევ უფრო მეტ ადამიანს შემოიყვანს. ჩვენს შვილებს უჭირთ ბინის შეძენა, საავადმყოფოებში რიგში საათობით ვდგავართ, აღარ არის საკმარისი გზები“.
2024 წლიდან ავსტრალიაში ამოქმედდა კანონი, რომელიც კრძალავს ნაცისტური სალმით მისალმებას და ტერორისტულ ორგანიზაციებთან ასოცირებული სიმბოლოების დემონსტრირებას ან გაყიდვას.
კანონი მას შემდეგ ამოქმედდა, რაც 2023 წლის ოქტომბერში ისრაელის ომის დაწყებას, სინაგოგებსა და სხვა შენობებზე ანტისემიტური თავდასხმები მოჰყვა.
ფორუმი
