ამერიკის შეერთებულ შტატებში ორი უმსხვილესი ავიაკომპანიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. საუბარია Delta Air Lines-სა და United Airlines-ზე, რომლებსაც მომხმარებლების მოტყუებაში ადანაშაულებენ. სარჩელის თანახმად, კომპანიები მგზავრებს „ფანჯარასთან ადგილებს“ ყიდდნენ, სინამდვილეში კი ამ ადგილებზე ფანჯარა საერთოდ არ იყო.
სასამართლო მასალების მიხედვით, საქმე ეხება Boeing 737, Boeing 757 და Airbus A321-ის ტიპის თვითმფრინავებს. ამ თვითმფრინავების ზოგიერთ რიგში განთავსებულია ვენტილაციის სისტემები და სხვა კონსტრუქციული ელემენტები, რის გამოც ფანჯარა არ არის. მიუხედავად ამისა, ავიაკომპანიები ამ ადგილებს ჩვეულებრივ „ფანჯრიან ადგილებად“ ასაღებდნენ და დამატებით გადასახადს იღებდნენ. ბილეთის ფასი, არარსებული ფანჯრის გამო, $36-დან $100-მდე მერყეობდა.
მოსარჩელეები კომპანიებს ფართომასშტაბიან მომხმარებელთა მოტყუებაში ადანაშაულებენ. ადვოკატების თქმით, საუბარია მილიონზე მეტ გაყიდულ ბილეთზე, საიდანაც მიღებული შემოსავალი მილიონობით დოლარით შეფასდა.
მგზავრები უკმაყოფილებას სოციალურ ქსელებში გამოხატავენ. ისინი აღნიშნავენ, რომ ფანჯარა მხოლოდ ლამაზი ხედისთვის არ არის მნიშვნელოვანი. ის ეხმარება ფრენის შიშის დაძლევაში, ამცირებს გულისრევას, აკავებს ბავშვებს და ადამიანს ფრენისას მეტ კონტროლს აგრძნობინებს.
სარჩელში, რომელიც United Airlines-ის წინააღმდეგაა შეტანილი, ასევე ნახსენებია ხელშეკრულების დარღვევა და არაკეთილსინდისიერი კონკურენცია. მოსარჩელეები ითხოვენ, რომ კომპანიებმა ზარალი აანაზღაურონ, კომპენსაცია გადაიხადონ და ვალდებულება აიღონ, რომ მომავალში პატიოსნად გააფრთხილებენ მგზავრებს იმ ადგილების შესახებ, სადაც ფანჯარა არ არის.
სხვათა შორის, Alaska Airlines და American Airlines მსგავს ადგილებზე მგზავრებს წინასწარ აფრთხილებენ. ახლა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, მოუწევთ თუ არა Delta-სა და United-ს ზარალის ანაზღაურება და გაყიდვების პოლიტიკის შეცვლა.
წყარო: avianews.ge
