„ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელების ბლოკირება აკრძალულია“ — შსს დემონსტრანტებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მშვიდობიან დემონსტრანტებს მოუწოდებს „პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან ფორმებში, არ დაარღვიონ კანონი და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი პოლიციელების მითითებებს“:
-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელების ბლოკირება კანონდარღვევაა და ამას „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, მობილიზებული არიან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელების ბლოკირება.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და წევრებს, რომ პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმებში, არ დაარღვიონ კანონი და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი პოლიციელების მითითებებს. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“ — ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შსს-ს განცხადების პარალელურად, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები პარლამენტში რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას აპროტესტებენ. ამავდროულად, პარლამენტის შენობაში მიმდინარეობს პლენარული სხდომა, რომელზეც კანონპროექტის განხილვა ამ დრომდე გრძელდება.
აქციის მონაწილეები ნაწილი შეკრებილები არიან პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან ჭიჭინაძის ქუჩაზე. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.