„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატის გიორგი ხიმშიაშვილის განცხადებით, მზია ამაღლობელის მხრიდან სტიკერის გაკვრა კედელზე შეფასებული არის, როგორც სამართალდარღვევა, რაზეც სამართალდარღვევის ოქმი არის შედგენილი. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის იმ რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელება, რაც მზია ამაღლობელის წინააღმდეგ იანვარში დაიწყო.
„დღევანდელი საქმის განხილვა შეეხებოდა მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმს. 2025 წლის 11 იანვარს მზია ამაღლობელის მხრიდან სტიკერის გაკვრა კედელზე შეფასებული არის, როგორც სამართალდარღვევა და ამასთან დაკავშირებით ფაქტობრივად, 3,5 თვის შემდეგ შეადგინეს სამართალდარღვევის ოქმი. საქმის მასალებში მხოლოდ საუბარი არის სტიკერის გაკვრაზე და სხვა გარემოებებში მითითებული არის პოლიციელთა ჩვენებები. ის ფაქტი, რომ ზოგადად, შს სტიკერის გაკვრას თვლის სამართალდარღვევად, ეს არის აბსოლუტურად არათავსებადი როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე ადამიანების უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან. აქამდე არსებული პრაქტიკა, პრეცედენტები, რაც იყო დამკვიდრებული, სტიკერის გაკვრა არ განიხილებოდა და არ ფასდებოდა, როგორც სამართალდარღვევა.
2025 წლის 11 იანვრიდან დღემდე მზიას მიმართ გავრცელებული რეპრესიული პოლიტიკა არის ამ ქმედების ერთ-ერთი გამოხატულება. მის მიმართ დაწყებული რეპრესიული პოლიტიკა გამოიხატება მის მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებში. ცხადია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ იყო უცხო და გასაკვირი. თავისთავად, ამ ფორმატით საუბარი ნიშნავს იმას, რომ გამოხატვის თავისუფლება შეგვიძლია კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ, ვინაიდან შსს მიიჩნევს, რომ სტიკერის გაკვრა არის კანონდარღვევა“, – განაცხადა ადვოკატმა.
მისი განმარტებით, ეს არის იმ პროცესი გაგრძელება, რომელიც 11 იანვარს დაიწყეს და დღემდე გრძელდება.
„რამდენიმე პირმა, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობდა, სასამართლოს არასწორი და არასრულფასოვანი ინფორმაცია მიაწოდა. ეს პირები არიან გადმონაცვლებული სამართალდარღვევის საქმეში და ამტკიცებენ, რომ ისინი შეესწრნენ სტიკერის გაკვრას. ეს გარემოებები მათი მხრიდან არის შეფასებული, როგორც სამართალდარღვევა“,- განაცხადა გიორგი ხიმშიაშვილმა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო.
შსს ამაღლობელს 2025 წლის 11 იანვარს პოლიციის დეპარტამენტის წინ არსებულ დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრასა და ამ ქმედებით იერ-სახის დამახინჯებას ედავება.
