წარმოდგენილი მტკიცებულებებით პროკურატურა ვერ შეძლებს დაადასტუროს, რომ ზვიად რატიანის მხრიდან ადგილი ჰონდა პოლიციელზე თავდასხმის ფაქტს – მან პოლიციის თანამშრომელს სილა ნამდვილად გააწნა, თუმცა ის თავს დამნაშავედ არ ცნობს, – ამის შესახებ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებული პოეტის, ზვიად რატიანის ადვოკატმა მარიამ პატარიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დაცვის მხარემ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უდავოდ გახადა, რის შემდეგაც სასამართლო დასკვნით ეტაპზე გადავიდა.
„წინა პროცესზე ჩვენ შესავალი სიტყვა წარმოვთქვით, დღეიდან უნდა დაწყებულიყო მტკიცებულებების გამოკვლევა, პირველ რიგში, უნდა კურთხეულიყვნენ მოწმე პოლიციის თანამშრომლები, თუმცა როგორც ჩვენ შესავალ სიტყვაში ვთქვით, ერთადერთი, რასაც პროკურატურა ამ სასამართლო პროცესებზე დაადასტურებს, არის ის, რომ სილის გაწვნის ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, რომელსაც ზვიად რატიანი პირველივე პროცესიდან ადასტურებს. მან ნამდვილად გაარტყა სილა პოლიციის თანამშრომელს, თუმცა ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და მიაჩნია, რომ ბრალად წარდგენილ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. ასევე, უნდა ითქვას ის ფაქტიც, რომ ეს ქმედება, პოლიციელზე თავდასხმად რომ ჩაითვალოს, ის უნდა აღწევდეს სათანადო ინტენსივობას და უნდა იყოს განსაკუთრებული აგრესიულობით ჩადენილი ძალადობრივი აქტი. ამიტომ მიგვაჩნია, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით პროკურატურა ვერ შეძლებს პოლიციელზე თავდასხმის დადასტურებას.
პროცესები უფრო შემჭიდროებულ ვადებში რომ განხილულიყო, ჩვენ უარი ვთქვით მტკიცებულებების გამოკვლევაზე. აქედან გამომდინარე, სასამართლო გადადის დასკვნით ეტაპზე. შემდეგ სხდომაზე მოსამართლე პროკურატურის დასკვნით სიტყვას მოისმენს, შემდეგ ჩვენი დასკვნითი სიტყვა იქნება. კეთილსინდისიერი განმარტების პირობებში – სილის გაწვნა არ არის იმ სახის ქმედება, რომელიც პოლიციელზე თავდასხმად შეიძლება შეფასდეს“, – განაცხადა მარიამ პატარიძემ.
ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული პოეტის ზვიად რატიანის სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უდავოდ ცნო და სასამართლო დასკვნით ეტაპზე გადავიდა, შემდეგი სასამართლო პროცესი 16 სექტემბერს, 16:00 საათზე გაიმართება.
ცნობისთვის, პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 23 ივნისს დააკავეს.
ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
