წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბედიანში 53 წლის ქალის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულ 47 წლის მამაკაცს, ადგილობრივი ფსიქიატრიული კლინიკის ადმინისტრაციის უფროსს, ვოსკან ვოსკანიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიღო.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდა და სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაო შესთავაზა.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ დაკავებულის ადვოკატმა, მუხრან ღურწკაიამ განაცხადა, ბრალდებულსა და მოკლულს გარკვეული სახის კონფლიქტი ჰქონდათ.
ადვოკატის განმარტებით, შემთხვევის დღეს ქალმა ვოსკან ვოსკანიანს ნაჯახი მოუქნია და სწორედ, აღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ქალბატონმა 2-ჯერ დაურეკა, სახლიდან რომ გამოვიდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, იქვე, სახლის სიახლოვეს შეხვდნენ. მათ მეზობლური კონფლიქტი ჰქონდათ. როცა ქალმა მას ნაჯახი მოუქნია და ის სხეულის გარკვეულ ნაწილზე მოხვდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა დაზარალებულს ნაჯახი წაართვა და როგორც მან განმარტა, 2-ჯერ ჩაარტყა. ქალბატონს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული“, – განაცხადა ღურწკაიამ.
როგორც ადვოკატი განმარტავს, ბრალდებული და მოკლული ქალი წარსულში ფსიქიატრიულ კლინიკაში ერთად მუშაობდნენ, თუმცა, ქალი გარკვეული პერიოდის წინ გაათავისუფლეს.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ვოსკან ვოსკანიანი 30 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.