სასამართლომ მიიჩნია, რომ ზვიად რატიანის ქმედება არ წარმოადგენდა პოლიციელზე თავდასხმას, გადააკვალიფიცირა აღნიშნული ქმედება 353-ე მუხლზე, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს , – ამის შესახებ ზვიად რატიანის ადვოკატმა, ქეთი ჩუთლაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
„დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად რატიანის საქმეზე დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი, თუმცა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ბრალი, კერძოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის, ანუ პოლიციელზე თავდასხმის ჩადენა არ დაუდასტურა სასამართლომ ზვიად რატიანს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ზვიად რატიანის ქმედება არ წარმოადგენდა პოლიციელზე თავდასხმას, გადააკვალიფიცირა აღნიშნული ქმედება 353-ე მუხლზე, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს და სასჯელის სახედ 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
გავეცნობით დასაბუთებულ განაჩენს, ვნახავთ სასამართლოს არგუმენტებს და ვრცელ შეფასებას მოგვიანებით გავაკეთებთ, თუმცა, ბუნებრივია, გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ადვოკატმა.
