თავად პროკურორმა აღნიშნა, რომ ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თუმცა არავინ იფიქროს ის, რომ დაცვის მხარე მუხლის გადაკვალიფიცირებით კმაყოფილი იქნება. საბოლოოდ, ჩვენ კმაყოფილებას გამოვთქვამთ მაშინ, როდესაც სასამართლოში საბა სხვიტარიძის საქმეზე მოსამართლე გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს, – ამის შესახებ ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის, საბა სხვიტარიძის შესახებ განაცხადა, რომელიც პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დაცვის მხარეს წარმოდგენილი ჰყავდა ათეულობით მოწმე, საათობით ვიდეო-ჩანაწერები და სქემაც ისე იყო აწყობილი, რომ შეუძლებელი იყო საბა სხვიტარიძეს სცოდნოდა, რომ ეს ადამიანები, მათ შორის მირიან ქავთარაძე, იყვნენ პოლიციელები.
„ჩვენ გამოვითხოვეთ „ქორთიარდ მარიოტის“ ვიდეო-ჩანაწერი, რომელიც ტელეეკრანებზე გაშვებულ ჩანაწერებს წამობრივად და წუთობრივად შევადარეთ და გავაანალიზეთ, რომ შეუძლებელი იყო საბა სხვიტარიძეს ამ ადამიანებთან სიტყვიერი კონტაქტი ჰქონოდა. ბრალდების მხარემ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომ კვალიფიკაცია შეცვალა. თავად პროკურორმა აღნიშნა, რომ ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. იმის ნაცვლად, რომ საბა სხვიტარიძეს 11 წელი ჰქონოდა სასჯელად განსაზღვრული, აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს 6 თვიდან 3 წლამდე პატიმრობას, ჯარიმას და გამოსასწორებელ სამუშაოს სასჯელის სახით, თუმცა ცალსახად ვაცხადებთ, რომ ჩვენი პოზიცია მხოლოდ მუხლის ცვლილება არ იყო, ჩვენი პოზიცია იყო ის, რომ საბა სხვიტარიძე აღნიშნულ ქმედებაში არის სრულიად უდანაშაულო და ის უნდა გამართლდეს. არავინ იფიქროს ის, რომ დაცვის მხარე მუხლის გადაკვალიფიცირებით კმაყოფილი იქნება, საბოლოოდ, ჩვენ კმაყოფილებას გამოვთქვამთ მაშინ, როდესაც სასამართლოში საბა სხვიტარიძის სისხლის სამართლის საქმე გამოცხადდება დაუსაბუთებლად და მოსამართლე გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს.
ჩვენ ვიშუამდგომლეთ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლა, სასამართლომ აღნიშნა, რომ ნამდვილად ახალი გარემოება არსებობდა, თუმცა შემდგომ დაასაბუთა, რომ მაინც მუხლი არის ძალადობრივი, ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ გამომაქვსო. ჩვენ ვთქვით, რომ თუნდაც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს სასამართლომ, სრულიად არსებობს ყველა შესაძლებლობა, რომ მოსამართლემ გამოიყენოს ალტერნატიული სასჯელი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, მირიან ქავთარაძე და მასთან ერთად მყოფი პოლიციელები როდესაც ამბობდნენ, რომ ვუთხარით, პოლიციელები ვართო, სასამართლომ კი არა, ეს ბრალდების მხარემაც კი არ დაიჯერა“, – განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს, საბა სხვიტარიძეს, რომელიც პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმაში იყო ბრალდებული, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება გადაუკვალიფიცირდა.
აღნიშნულის შესახებ შუამდგომლობა პროკურატურამ დღევანდელ პროცესზე დააყენა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. უფრო კონკრეტულად, საბა სხვიტარიძეს ბრალი ჰქონდა წაყენებული 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი მას ახლა 120-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული კი „ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ“.
პროკურორი როინ ხინთიბიძის თქმით, საბა სხვიტარიძემ არ იცოდა, რომ მირიან ქავთარაძე პოლიციელი იყო.
