ჩვენ პროცესების განმავლობაში უკვე ვნახეთ როგორ აბსურდულ მტკიცებულებებს აყრდნობს პროკურატურა თავის ვარაუდებს, რადგან გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გამოვიდეს ამ საქმეზე, დღეს ეს ნახა საზოგადოებამაც, – ამის შესახებ აქციების დროს დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა სასამართლო პროცესზე მოწმე პოლიციელის დაკითხვის შემდეგ განაცხადა.
ადვოკატის განმარტებით, მოწმე პოლიციელმა დღეს სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ „ვალერი თეთრაშვილი მის წინაშე დგას“, რეალურად კი თეთრაშვილი დღეს სასამართლო პროცესზე არ იმყოფებოდა.
„ერთ-ერთი მოწმე, ეს არის უშუალოდ ის ადამიანი, რომელმაც დააკავა კონკრეტული სინდისის პატიმარი, ამბობს, რომ [ვალერი თეთრაშვილი] მის წინაშე დგას, უყურებს და მიღიმისო, მაგრამ [ვალერი თეთრაშვილი] დღეს საერთოდ არ იყო პროცესზე. ამას საზოგადოება შეაფასებს, ამას არ სჭირდება იურისტობა, არ სჭირდება, რომ იყო მოსამართლე, ელემენტარული ლოგიკის მქონდე ადამიანიც მიხვდება, რომ ცრუობს ადამიანი იმიტომ, რომ [ვალერი თეთრაშვილი] უბრალოდ არ იყო პროცესზე და როგორ უნდა დაენახა?“ – განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.
ინფორმაციისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
