ადვოკატი – ნინო დათაშვილი სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დასწრებას ითხოვს – მას თიაქარის გამო მწვავე ტკივილები აქვს, რასაც, ბუნებრივია, ემოცია ახლავს, პროკურატურამ კი გადაწყვიტა, შეამოწმოს, რამდენად შერაცხადია, ამიტომ არის ეს უკანონო

დაპატიმრებული პედაგოგი ნინო დათაშვილი ითხოვს, იმ პროცესს დაასწრონ, რომელიც სააპელაციო სასამართლოში, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მისი გადაყვანის საკითხზე უნდა გაიმართოს.
როგორც დათაშვილის ადვოკატმა, თამარ გაბოძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ნინო დათაშვილს არ ჰონდა შესაძლებლობა საქალაქო სასამართლოში დასწრებოდა იმ სხდომას, სადაც პროკურატურამ მისი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით შუამდგომლობა დააყენა, ამიტომ ახლა მისი პოზიციის დაფიქსირება სურს.
„მას კატეგორიულად სურს, რომ აპელაციის პროცესში მიიღოს მონაწილეობა, რადგან როდესაც საქალაქო სასამართლოში მისი ფსიქიატრიულში მოთავსების საკითხი იხილებოდა, მას სხდომაზე დასწრების საშუალება არ მისცეს“, – განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მისი ინფორმაციით, ბრალდებულს ემოციური ფონი იმ ტკივილების გამო აქვს, რომელიც დათაშვილს ახლახან ჩატარებული ოპერაციის გამო აღენიშნება.
„ნინოს დიაგნოზი არის მალთაშუა დისკის თიაქარი, რადიკულიტი – გამწვავებული ტკივილებითა და თანმდევი ემოციური ლაბილობით ანუ პრობლემა არის თიაქარი და თიაქარზე გაკეთებული ოპერაცია. პროკურატურამ კი ხერხემალზე გაკეთებული ოპერაციის გამო, ნინოს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუნიშნა. სწორედ ამიტომ არის ეს უკანონობა, რომ აცდენილია სამართლებრივ ნორმებს. ნინოს ოპერაციიდან გამომდინარე აწუხებს ტკივილები, რომელიც უკანასკნელ პერიოდში გამწვავდა და ბუნებრივია ტკივილს ემოცია ახლავს თან.
პროკურატურამ კი, რადგან ადამიანს ტკივილები ჰქონდა, გადაწყვიტა, რომ შეამოწმოს, რამდენად შერაცხადია. პროკურატურა იყენებს ყველაზე უკანონო მეთოდს. მეორე უბედურებაა, რომ სასამართლო ამის სივრცეს აძლევს. მოსამართლეს მსხვერპლის მიმართ არცერთი კითხვა არ დაუსვამს, პროკურატურის შუამდგომლობიდან გამომდინარე.
ნინოს წელის ტკივილი გამძაფრებული აქვს. მისი დიაგნოზი არის – „თიაქარი“. ეს კი ისეთი დიაგნოზია, რომელიც პერიოდულად მწვავდება. დღეს 2 ინექცია ჰქონდა გაკეთებული – ანთების საწინააღმდეგო და გამაყუჩებელი. კონსულტაციის დროს უჭირდა ჯდომა. ექიმისთვის არაერთხელ გვაქვს მიწერილი, რომ უზრუნველყოფილიყო ნინოს ყველა საჭირო სამედიცინო სერვისი. გასაგებია და მარტივია, რომ ადამიანი, რომელიც დაკავებამდეც იყო სამედიცინო სერვისის საჭიროებით, ჰქონდეს შესაბამისი გარემო და არაინკლუზიურ გარემოში, ციხის პირობებში ვერ მოხდება ნორმალური მკურნალობა და ვერ მოხდება ნინოს მდგომარეობის გაუმჯობესება, პირიქით გაუარესდება.
ნინო მხნედ არის და საზოგადოებას სოლიდარობისთვის მადლობას უხდის. ცდილობს, რომ ახალი უკანონობა და ყველაზე ამორალური ბრძოლა და თავდასხმა გადაიტანოს, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს.
მიზანი კი ნინოს დისკრედიტაცია და უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებაა“,- განაცხადა თამარ გაბოძემ.
შეგახსენებთ, ნინო დათაშვილის უფლებადამცველებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პროკურატურამ „სრულიად უსაფუძვლოდ მოითხოვა დათაშვილისთვის სასამართლოს ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა“.
აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ განმარტა, რომ თავად დაცვის მხარემ წარადგინა ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები, სადაც თანმხლებ დაავადებად მითითებულია ფსიქო-ემოციური ლაბილობა და ექსპერტიზის დანიშვნა მიზანშეწონილად ამიტომ ჩაითვალა.
პროკურატურის განცხადების საპასუხოდ, ნინო დათაშვილის ადვოკატმა აღნიშნა, რომ დათაშვილს აქვს ფსიქო-ემოციური ლაბილობა, რაც სიმპტომია და არა დიაგნოზი.
„2019 წელს გაცემულ დოკუმენტში მკაფიოდ მითითებულია, რომ ნინო დათაშვილს აქვს მალთაშუა დისკის დაზიანება, რადიკულოპათია, მალთაშუა დისკის თიაქარი. ნინო დათაშვილი უჩივის მწვავე ტკივილებსა და ტკივილის ინტენსივობამ იმატა უკანასკნელი წლების განმავლობაში. აღნიშნული დიაგნოზის და მწვავე ტკივილების თანმხლებად მითითებულია, რომ ნინოს აქვს ფსიქო-ემოციური ლაბილობა.
ემოციური ლაბილობა არ არის დიაგნოზი. ის არის სიმპტომი, რომელიც არანაირ კავშირში არ არის შერაცხადობასთან”,- განაცხადეს დათაშვილის უფლებადამცველ ორგანიზაციაში, – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.