ადვოკატი – ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით, ადვოკატებმა პროცესზე არც შესავალი სიტყვა წარმოვთქვით და არც მოწმისთვის დაგვისვამს კითხვები – როცა მათე დევიძე ციხეში გაუშვეს, ნიკა გვარამიას პატიმრობაზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ს ადვოკატებს სასამართლო პროცესზე არც შესავალი სიტყვა წარმოუთქვამთ და არც მოწმისთვის დაუსვამთ კითხვები.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, ეს იყო ნიკა გვარამიას გადაწყვეტილება.
„ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით, ჩვენ არ დაგვიფიქსირებია პოზიცია პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით. სიმართლე გითხრათ, ჩემი პირადი პოზიცია ნიკას პოზიციას ემთხვევა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გუშინ ჩვენ ვნახეთ მოღალატეობრივმა, არაადამიანურმა რეჟიმმა როგორ გაუშვა ციხეში 4,6 წლით 21 წლის პატრიოტი მათე დევიძე, ამ პირობებში ნიკა გვარამიას პატიმრობაზე საუბარი, განხილვა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია.
პროკურატურისგან რაიმე განსხვავებულის მოლოდინი არ გვქონია, რადგან სამწუხაროდ, ყველაფერი წინასწარ არის ხოლმე ცნობილი.
ნიკას გადაწყვეტილება იყო და ამის საფუძველზე კითხვები არ გვქონია მოწმესთან. უფრო მეტსაც გეტყვით, ამ საქმეში სამართლებრივი შეფასებაა პრობლემა და არა ფაქტები“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 30 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა.
ნიკა გვარამია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც გვარამიამ არ გადაიხადა.