ადვოკატი მარშზე დაკავებულებზე – ქეთევან ხუსკივაძეს და ნინო გუდაშვილის პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებიან, თუმცა მსგავსს ადგილი არ ჰქონია – პირიქით: ხუსკივაძეს გოგა მემანიშვილმა შეაგინა – ისინი სამართალდამრღვევებად არ ცნობენ თავს

მათე დევიძის სოლიდარობის მარშის მონაწილე დაკავებულები ზაჰესისა და დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორებში არიან შესახლებულები. ისინი ადვოკატების უმეტესობამ უკვე მოინახულა.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ლექტორ ქეთევან ხუსკივაძისა და მასწავლებელ ნინო გუდაშვილის ადვოკატმა, მარიამ კალანდაძემ განაცხადა, დაკავებულები სამართალდამრღვევები არ არიან, უფრო მეტიც, ადვოკატის თქმით, ერთ-ერთ დაკავებულს აქეთ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. კალანდაძის თქმით, ქეთევან ხუსკივაძეს საპატრულო პოლიციის უფროსმა, გოგა მემანიშვილმა შეაგინა.
„მთელი ღამის განმავლობაში ვიყავით დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ დაკავებულების შესახლება გაჭიანურდა, მხოლოდ ორი მათგანის ნახვა შევძელით, ესენი გახლავთ ქეთევან ხუსკივაძე და ნინო გუდაშვილი. როგორც მათთან გასაუბრების შედეგად ჩემთვის ცნობილია, ორივე მათგანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას ედავებიან, რაც გულისხმობს, პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას. რეალურად, არც ერთი მათგანის მხრიდან მსგავსს ადგილი არ ჰქონია, უფრო მეტიც, ქეთევან ხუსკივაძის მიმართ პირიქით, აქეთ აქვს ადგილი სიტყვიერ შეურაცხყოფას. როგორც მან მითხრა, უშუალოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გოგა მემანიშვილმა, შეაგინა კიდეც. ხუსკივაძეს ათამდე პოლიციელი აკავებდა. იმის მიუხედავად, რომ ქეთევან ხუსკივაძეს მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, საკმაოდ ძალმომრეობითი ხასიათის იყო მისი დაკავება. გუშინ, მას ტკივილი ჰქონდა კისრისა და იღლიის არეში, იქიდან გამომდინარე, რომ მას დაკავების მანქანაში მოსათავსებლად ეჭიდავებოდნენ. რაც შეეხება ნინო გუდაშვილს, მასთან მიმართებაშიც დაახლოებით, იგივე სცენარს ჰქონდა ადგილი, თუმცა, როგორც თვითონ მეუბნება, სიტყვიერი შეურაცხყოფა მისთვის არ მიუყენებიათ, უბრალოდ, რამდენიმე პოლიციელი ძალის გამოყენებით ცდილობდა მის მანქანაში მოთავსებას იმის მიუხედავად, რომ არც გუდაშვილი უწევდა მათ წინააღმდეგობას. არც ერთი მათგანის მხრიდან პოლიციელების შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, თავს სამართალდამრღვევებად არ ცნობენ და მათთვის გაუგებარია, რა საფუძვლით მოხდა დაკავება“, – განაცხადა კალანდაძემ.
დაკავებული პირების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე დიდი ალბათობით, დღეს იმსჯელებს.
ცნობისთვის, 19 ნოემბერს თბილისში, მსჯავრდებულ მათე დევიძის სოლიდარობის მარში გაიმართა. დემონსტრანტები თავდაპირველად თსუ-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობა გამართეს. მარშის 13 მონაწილე სამართალდამცავებმა მელიქიშვილისა და კაკაბაძის ქუჩებზე დააკავეს.
დაკავებულებიდან 5 ქალია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებული პირები პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.