ადვოკატი ლაზარეზე: სპეცრაზმელებმა სცემეს, გონება დაკარგა, დაზიანებები აქვს თავსა და სახეში

ადვოკატ ეკა ქობესაშვილის თქმით, დღეს აქციაზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს რამდენიმე სპეცრაზმელი გაუსწორდა ფიზიკურად – მას აქვს დაზიანებები სახისა და თავის არეში.
ადვოკატის თქმითვე, ლაზარემ ცემის დროს გონება დაკარგა და გარკვეული მომენტები არ ახსოვს. ამაზე იურისტმა მთავარ არხთან ისაუბრა.
ქობესაშვილის ცნობითვე, გრიგორიადისი უკვე მოინახულა ექიმმა. ის დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
ლაზარე დღეს აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
“დაკავების დროს მოხდა ლაზარეზე ფიზიკური ანგარიშსწორება. სცემეს ის. აქვს დაზიანებები სახის და თავის არეში. აქვს თავის ტკივილები. ასევე, ხელები აქვს დაზიანებული. დროებითი მოთავსების იზოლატორში, სანამ მოხდა მისი შესახლება, რამდენიმე საათის განმავლობაში მას ხელბორკილები ჰქონდა მჭიდროდ მოჭერილი და აქვს ეს დაზიანებები, რაც წარმოადგენს, რა თქმა უნდა, დარღვევას. ეს არის არაადამიანური მოპყრობა.
რაც შეეხება დაზიანებებს, არის თვალსაჩინო და ძირითადად არის სახის არეში და თავის არეში. მას რამდენიმე სპეცრაზმელი გაუსწორდა ფიზიკურად. გონებაც დაკარგა ცემის მომენტში, არ ახსოვს რაღაც მომენტები, მაგრამ ამ ეტაპზე არის ექიმის მიერ ნახული”- თქვა ქობესაშვილმა.