ადვოკატი – კობახიძემ საჯაროდ აჩვენა სად პოზიციონირებს მზია ამაღლობელის საქმეში და ნებისმიერ ფასად სურს, იხილოს ის პატიმრობაში – მოვუწოდებთ, მისცეს გამოძიების ორგანოს განმარტება, რა იცის: რა დავალება მიიღო მზია ამაღლობელმა, ვისგან და რას შეეხებოდა

ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადება იყო მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლების აშკარა და უხეში დარღვევა, რაც მისი კონსტიტუციური უფლებაა,- ამის შესახებ “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც ადვოკატი აცხადებს, კობახიძის კომენტარები არამხოლოდ მზია ამაღლობელის უფლების დარღვევას ემსახურებოდა, არამედ ამაღლობელის მიმართ საზოგადოების მხრიდან ნეგატიური განწყობის შექმნას.
ადვოკატის თქმით, პრემიერმა თავის ინტერვიუში მზია ამაღლობელს დააბრალა, რომ ის დავალებით და შეკვეთით მოქმედებდა, რაც არის სიცრუე.
მწარიაშვილი მოუწოდებს ს, რომ თუ მან ამ საქმეზე იცის იმაზე მეტი, ვიდრე გამომძიებლებმა და პროკურორებმა, მიმართოს გამოძიების ორგანოს და მისცეს განმარტება თუ რა იცის ამ დავალების შესახებ.
„მინდა, ვუპასუხო ირაკლი კობახიძის გუშინდელ კომენტარს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის, მზია ამაღლობელის შესახებ, რომელიც მან “რუსთავი 2”- ის ეთერში გააკეთა.
კობახიძემ რამდენჯერმე, საჯაროდ და დაუფარავად აჩვენა, სად პოზიციონირებს ამ კონკრეტული ბრალდების საქმეში. კობახიძემ საჯაროდ აჩვენა სად პოზიციონირებს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ და ნებისმიერ ფასად სურს, ის იხილოს პატიმრობაში. კობახიძის გუშინდელი განცხადება იყო აშკარა და უხეში დარღვევა მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლების, რაც მისი კონსტიტუციური უფლებაა. ამ უფლების პატივისცემა ევალება თავად მოსამართლესაც და პროკურორსაც კი, არათუ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს. მოცემულ შემთხვევაში კობახიძის კომენტარები არამხოლოდ მზია ამაღლობელის უფლების დარღვევას ემსახურებოდა არამედ ამაღლობელის მიმართ საზოგადოების მხრიდან ნეგატიური განწყობის შექმნას.
კობახიძემ თქვა, რომ მზია ამაღლობელმა შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, შემდეგ მზია ამაღლობელი მოქმედებდა დავალებით, მისი დაკვეთა იყო პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენება და პოლიციელისთვის ღირსების შელახვა. ამ ფრაზებიდან კობახიძეს მინდა დავუდასტურო, რომ მზია ამაღლობელის ქმედება შეიძლება შეფასდეს, მხოლოდ, როგორც შეურაცხყოფა. მინდა კობახიძეს ვუთხრა, რომ შეურაცხყოფა არ არის სისხლის სამართლით დასჯადი ქმედება. შესაბამისად, ასეთ პირობებში მზიას ბრალდება და პატიმრობა გახლავთ უკანონო.
შემდეგ, კობახიძემ ბრძანა, რომ მზიას ამოცანა იყო პოლიციელის ღირსების შელახვა, შესაბამისად, ასევე მინდა შევახსენო, რომ პატივი და ღირსება არ არის სისხლის სამართლის კოდექსით დაცული ობიექტი. ცივილიზებულ მსოფლიოში პატივის და ღირსების დაცვა ხდება სამოქალაქო სამართალ წარმოების წესით. ჩვენს ქვეყანაში დღემდე ასე ხდება, რაც არ უნდა უცნაური იყოს და არა სისხლის სამართლის წესით, როგორც მზია ამაღლობელის საქმეზე გადაწყვიტეს შესაბამისმა ორგანოებმა.
სწორედ, ამიტომ სასამართლოსგან და გამოძიებისგან არაერთხელ მოვითხოვეთ ამ საქმის შეწყვეტა და მზიას გათავისუფლება უკანონო პატიმრობიდან.
დიახ, პოლიციელის შეურაცხყოფა არ ისჯება სისხლის სამართლის წესით, არამედ შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.
კობახიძემ თავისი გუშინდელი განცხადებით, მზიას დააბრალა, რომ ის დავალებით და შეკვეთით მოქმედებდა. ეს არის სრული სიცრუე. მზიას ბრალდების ფორმულირებაში არსად წერია, რომ ის მოქმედებდა ვინმეს დავალებით. ბრალდების დადგენილების თანახმად, მზია მოქმედებდა პირადი მოტივებით ბატონი დგებუაძისადმი. გარდა ამისა, საქმეში არ არსებობს ამ გარემოების დამამტკიცებელი არცერთი მტკიცებულებაც კი. შესაბამისად კობახიძის ეს განცხადება სიცრუეა. თუ კობახიძეს აქვს პრეტენზია, რომ მან ეთერში სიმართლე გაახმოვანა და მან ამ საქმეზე იცის იმაზე მეტი, ვიდრე ეს იციან ამ საქმის გამომძიებლებმა და პროკურორებმა, მოვუწოდებთ მიმართოს გამოძიების ორგანოს და მისცეს განმარტება თუ რა იცის ამ დავალების შესახებ – რა დავალება მიიღო მზია ამაღლობელმა, ვისგან მიიღო დავალება და რას შეეხებოდა ეს დავალება. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ცდილობენ სიცრუის გავრცელების გზით მოახდინონ მზია ამაღლობელის დისკრედიტაცია.
ამას დამატებული ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების ისეთი კომენტარები, რომლებიც მზიას უფლებებს არღვევს და ადასტურებს იმას, რომ სამწუხაროდ მზია ამაღლობელის საქმე ორკესტრირებულია ხელისუფლების ყველა შტოს მონაწილეობით”,- განაცხადა მწარიაშვილმა.