პატიმრობაში მყოფი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი სასამართლოს მომდევნო პროცესზე მისვლას და პოზიციის დაფიქსირებას აპირებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულის ადვოკატმა, რობერტ გრიგალაშვილმა განუცხადა.
ადვოკატის თქმით, გრიგოლ ლილუაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში ნორმალურ პირობებში იმყოფება.
„გრიგოლ ლილუაშვილთან ვიმყოფებოდი საპატიმრო დაწესებულებაში. ნორმალურ პირობებშია, პრეტენზია ნამდვილად არ გამოუთქვამს. საქმის მასალებს ეცნობა. შემდეგ სასამართლო პროცესზე მისვლას აუცილებლად აპირებს. საქმე თებერვალში არის ჩანიშნული, მანამდე არ მგონია სასამართლო იყოს, თუ რამე არ შეიცვალა. შემდეგ პროცესზე კი აუცილებლად მივა და რა თქმა უნდა, თავისი პოზიცია ექნება. საკანში მარტო ზის, ჯერჯერობით ასეა“, – განაცხადა რობერტ გრიგალაშვილმა.
ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




