ადვოკატი – ანდრო ჭიჭინაძის საქმის გამომძიებელი იყო მოსული და ვერ გაშუქდა, რადგან მედიის ნახევარი არ იყო დარბაზში და ვინც იყო, გადაღების საშუალება არ ჰქონდა – ახლა უფრო რთულად, მაგრამ მოგვიწევს საზოგადოებას მოვუყვეთ, როგორ აბსურდზე ისაუბრა მან

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე საქმის ერთ-ერთი მთავარი გამომძიებელი იყო მისული, სადაც გამომძიებელმა აღნიშნა, რომ როცა ანდრო ჭიჭინაძის დასაკავებლად წავიდა, საერთოდ არ იცნობდა საქმის მასალებს და მხოლოდ სასამართლოს მიერ გაცემული ნებართვა ჰქონდა.
როგორც მიგინეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლო სხდომაზე ანდრო ჭიჭინაძემ განმარტა, თუ რატომ არ მოუწერა გამომძიებელს ჩხრეკის, დაკავებისა და დაკავების ოქმზე ხელი.
მისი თქმით, რასაც ანდრო მას ეუბნებოდა, რომ შენიშვნის ფორმით ოქმში დაეფიქსირებინა, ამას გამომძიებელი არ ასახავდა.
„[სასამართლოს სხდომაზე] ანდრო ჭიჭინაძის საქმის ერთ-ერთი მთავარი გამომძიებელი იყო მოსული და ამის გაშუქება ვერ მოხდა, რადგან მედიის ნახევარი არ იყო დარბაზში და ვინც იყო, მას გადაღების საშუალება არ ეძლეოდა. ამიტომ, ახლა უფრო რთულად მაგრამ მაინც მოგვიწევს, რომ საზოგადოებას მოვუყვეთ, როგორ აბსურდზე ისაუბრა ამ პიროვნებამ. მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო ორგანოს არ ჰქონდა მითითება – „აბა ანდრო მოდი საგამოძიებო ორგანოში“ მან აღნიშნა, რომ ანდროს დასაკავებლად მივიდა. ასევე აღნიშნა, რომ როცა წავიდა, საერთოდ არ იცნობდა საქმის მასალებს – არც ვიდეოები და არც წერილობითი მტკიცებულებები ნანახი არ ჰქონდა. მას მხოლოდ სასამართლოს მიერ გაცემული ნებართვა ჰქონდა. ასევე აღნიშნა, რომ ანდროსთან მისვლის შემდეგ, როცა უთხრა, რომ ნივთები უნდა წარმოედგინა, არ დაუკონკრეტებია არცერთი ნივთი, რომელსაც გამოძიება ეძებდა. ასევე ისიც თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ანდრომ უარი განმიცხადა ნივთის წარმოდგენაზე, მე სურვილი არ მქონია, რომ ჩხრეკა სახლში ჩამეტარებინა და არც ჩამიტარებიაო.
განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ანდრომ [სხდომაზე] მიუთითა, თუ რატომ არ მოაწერა არც დაკავების და არც ჩხრეკის ოქმს ხელი – ერთადერთი მიზეზი ის იყო, რომ რასაც ეუბნებოდა, შენიშვნის ფორმით დამიფიქსირე ოქმშიო, ამას გამომძიებელი არ ასახავდა. მაგალითად, ის, რომ „სარაჯიშვილის“ შუშის ბოთლი პოლიციელმა ანდროს ესროლა და მარცხენა ფეხზე მიიღო დაზიანება – ეს აღუწერა ანდრომ, მაგრამ მხოლოდ ის ჩაწერა, რომ ანდრო ჭიჭინაძეს აქციების დროს მარცხენა ფეხზე დაზიანება ჰქონდა მიღებული. კონკრეტულად არ აღწერა, რომ ის პოლიციელმა დააზიანა. აქედან გამომდინარე, ანდრომ ხელი არ მოაწერა არც გამოკითხვის, არც ჩხრეკის და არც დაკავების ოქმს“,- განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.