ძაღლის გასეირნებისას წარმოქმნილი კონფლიქტის შედეგად ერთი პირის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ გურამ ელიზბარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ელიზბარაშვილის ადვოკატმა განუცხადა.
როგორც უფლებადამცველი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. დაკავებულს ბრალი ჯერ წარდგენილი არ აქვს. ადვოკატი ასევე არ ფლობს ინფორმაციას, ელიზბარაშვილის დაჭრასთან დაკავშირებით დააკავეს თუ არა, კონფლიქტში მონაწილე პირი.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, თვითონ ნაკლებად კონტაქტურია, ოპერაციიდან ჯერ ბოლომდე გამოსული არაა, ჭრილობაც საკმაოდ დიდია. ჭრილობა ფეხის არეში აქვს.
ის პირი, რამდენადაც ვიცი, არაა დაკავებული… სანამ ბრალი არ წარგვედგინება და არ გავეცნობით, ვინ – ვის – რას ედავება, იქამდე პოზიცია მე თვითონ არ ვიცი და თქვენ რა გითხრათ“, – აცხადებს ადვოკატი.
ცნობისთვის, თბილისში, მომხდარ დაპირისპირებაზე, რაც ყაზახეთის მოქალაქესა და გურამ ელიზბარაშვილს შორის ძაღლის გასეირნებას მოჰყვა, სამართალდამცავებმა გურამ ელიზბარაშვილი დააკავეს. დაჭრილია გურამ ელიზბარაშვილიც, მას წუხელ, გვიან ღამით, „ინგოროყვას“ კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.