ადვოკატის ინფორმაციით, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, სანდრო წივწივაძე დააკავეს

ჭავჭავაძის გამზირზე მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე ერთი პირი – სანდრო წივწივაძე დააკავეს.
აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსს” კაკაბაძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, ამ დროისთვის დამატებითი დეტალები, მათ შორის, ბრალდების ფორმულირება უცნობია.
“დაკავებულია სანდრო წივწივაძე. ჩვენ არაერთი კომენტარი გავაკეთეთ აღნიშნულთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი გარკვეულ იარაღებს ფლობდა, რაც შემდეგ სხვის მფლობელობაში გადავიდა. არსებობს ვარაუდი, რომ ამ იარაღებიდან ერთ-ერთით არის ლევან ჯანგველაძე მოკლული. სანდრო წივწივაძის გამოკითხვა, შესაბამისი მოქმედებების ჩატარება მოხდა. თუ რა მუხლით დააკავეს, ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობია. სხვა რამის თქმა ამ ეტაპზე არ შემიძლია. როგორც კი, შესაბამისი მასალები მექნება, დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მივაწვდით”,- აცხადებს კაკაბაძე.
“ინტერპრესნიუსი” დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ყოფილი ძალოვანი, გელა უძილაურია დაკავებული. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
შემთხვევა 2025 წლის 14 მარტს 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გელა უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება