საქართველოს მოთხოვნის საფუძველზე ესპანეთში დაკავებული ბრალდებული ბიზნესმენი ბიჭიკო პაიკიძე, მისი ადვოკატის, ირმა ჭკადუას თანახმად, თავისუფალია. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავების დღესვე – 9 დეკემბერს – გაათავისუფლეს.
როგორც ირმა ჭკადუა ეუბნება რადიო თავისუფლებას, დამატებით დეტალებზე ინფორმაციას ის ბიჭიკო პაიკიძის ადგილობრივი ადვოკატისგან ელოდება.
რადიო თავისუფლება ამ საკითხზე პროკურატურასთან დაკავშირებას ცდილობს. მანამდე, 19 დეკემბერს, უწყებაში დაადასტურეს, რომ საქართველოს მოთხოვნის საფუძველზე ესპანეთში დააკავეს ბრალდებული ბიზნესმენი ბიჭიკო პაიკიძე. როგორც პროკურატურის პრესსამსახურში აცხადებდნენ, მიმდინარეობდა ექსტრადიციისთვის საჭირო პროცედურები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ამჟამად წინასწარ პატიმრობაში მყოფი გრიგოლ ლილუაშვილი ბიჭიკო პაიკიძის შვილის ნათლიაა. სუსში დაწყებული გამოძიების გამო, ბიჭიკო პაიკიძეზე ძებნა 24 სექტემბრიდანაა გამოცხადებული.
· ბიზნესმენი ბიჭიკო პაიკიძე ვანის 2017 და 2021 წლების მოწვევის საკრებულოებში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა;
· ბიჭიკო პაიკიძემ წლების წინ, 2016 წელს, „ქართულ ოცნებას“ 12 000 ლარი შესწირა;
· მას ქონებრივი დეკლარაცია არ აქვს შევსებული – როგორც საკრებულოს რიგით დეპუტატს, ამის ვალდებულება არ ჰქონია.
მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე, მასზე საგამოძიებო მასალა მოამზადა „სტუდია მონიტორმა“. პაიკიძე ამ მასალაში მოხსენიებული იყო, როგორც „სუსის პროტეჟე“.
რატომ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე?
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ იძიებენ ბიჭიკო პაიკიძის კომპანია B.P. TRANS-სა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დეტალებს – სახელმწიფოს კუთვნილი 4 184 249 ლარის მოტყუებით დაუფლების კონტექსტში.
ამ კომპანიამ გაიმარჯვა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ტენდერში და 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით ატარებდა სამუშაოებს ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე და აწყობდა ნაპირდამცავ ქვაყრილებს ონის მუნიციპალიტეტში.
საქართველოში არყოფნის გამო, ბიჭიკო პაიკიძეს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ბიჭიკო პაიკიძეს პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 26 სექტემბერს შეუფარდა. ამით მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.
ფორუმი




