თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის, ნანა სანდერის ადვოკატის აიჰან ჰასანლის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე და ჩამოსვლის შემდეგაც ტელეფონით უკავშირდებოდნენ და დაჭერით, ასევე მოკვლით ემუქრებოდნენ.
როგორც ადვოკატმა ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მისი მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ნანა სანდერი აქციაში მონაწილეობას ადასტურებს, თუმცა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გამორიცხავს.
„ჯერ ბრალი წაყენებული არ არის. ამ წუთას დუმილის უფლებას იყენებს. თავის პოზიციას სასამართლოში დააფიქსირებს. დაკავებას ვერაფერს უკავშირებს, მისთვის ძალიან მოულოდნელია და არალოგიკურად მიაჩნია ის მუხლი, რა მუხლითაც გამოძიება მიმდინარეობს. ნანა სანდერმა თქვა, რომ სანამ საქართველოში ჩამოვიდოდა, მანამდე იყო მის მიმართ მუქარა, რაც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგაც გრძელდებოდა. იყო ზარი, სადაც ეუბნებოდნენ, რომ დაიჭერდნენ, მოკლავდნენ და ასეთი რამ უთხრეს: „ხომ იცით, მსგავსი საქმეები სუიციდით სრულდებაო“. არ იცის ვინაობა, ვისი მხრიდან იყო მუქარა, თუმცა დაჭერის მუქარაზე იყო საუბარი და „ხომ იცით, მსგავსი საუბრები სუიციდით სრულდებაო“. საქმის მასალები ჯერ არ გადმოგვცემია. საქართველოში 1-ელ ოქტომბერს ჩამოვიდა. ნანა სანდერის გადმოსახედიდან, რა გამოძიებაც მიმდინარეობს, არანაირ ფორმაში არ ჯდება მისი სისხლის სამართლის კოდექსით დაკავება“, – განაცხადა ადვოკატმა.
მისი განმარტებით, დაკავებულ ნანა სანდერს ბრალს, სავარაუდოდ დღეს ან ხვალ წარუდგენენ.
ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
აღნიშნული გამოძიების ფარგლებში 23 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, 18 სამოქალაქო აქტივისტია, 5-ს კი მათ შორის, აქციის ორგანიზატორობა ედება ბრალად. შსს-ს ცნობით, 3 პირი მიმალვაში იმყოფება.
