„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ეს სისხლის სამართლის საქმე ხაბეიშვილის მიმართ უკანონო დევნის და ანგარიშსწორების ინსტრუმენტად გამოიყენება.
მისივე თქმით, ხაბეიშვილს დღემდე ეკრძალება არასრულწლოვან შვილებთან კომუნიკაცია.
ადვოკატის განმარტებით, პოლიტიკური ლიდერის მიერ, საჯაროდ გაკეთებული პოლიტიკური დაპირება არათუ ქრთამის შეთავაზება, ეს მოცემულობა „ამომრჩევლის მოსყიდვისთვისაც კი არაა საკმარისი”. კონდახიშვილის თქმით, ხაბეიშვილმა მისი პოზიცია გააჟღერა, რისი უფლებაც მას კონსტიტუციურად ჰქონდა. ადვოკატის თქმით, ხაბეიშვილის განცხადების ადრესატი კონკრეტულად არავინ ყოფილა, ის ზოგად მოწოდებას ახორციელებდა.
კონდახიშვილის თქმით, ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება საკმარისი არაა, ის კონტექსტით ძალადობრივ ქმედებებს უნდა გულისხმობდეს. კონდახიშვილის თქმით, ხაბეიშვილი ყველა განცხადებაში კანონის მორჩილებაზე და მშვიდობიან პირობებში ხელისუფლების შეცვლაზე საუბრობდა.
ადვოკატის განცხადებით, ხაბეიშვილის დაკავებიდან დღემდე, ყველა ფაქტი, მათ შორის, ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის აკრძალვა ხაბეიშვილის მიმართ ანგარიშსწორებაზე მიუთითებს.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ედავებიან, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორციელა.




