აქტივისტისა და პედაგოგის, სასამართლოს მანდატურებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული და წინასწარ პატიმრობაში მყოფი ნინო დათაშვილის უფლებადამცველების განცხადებით მისი ჯანმთელობის მდგომარეობა რთულია.
“ნინოს უჭირს გადაადგილება”, – ნათქვამია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) ადვოკატების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ადვოკატებდა დათაშვილი საპატიმროში მოინახულეს.
მათ ნინო დათაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანასა და მისთვის ყველა საჭირო სერვისის დაუყოვნებლივ შეთავაზების მოთხოვნით #5 დაწესებულებას მიმართეს. “საქმის კურსშია სახალხო დამცველის აპარატი, რომელიც საკითხზე უკვე მუშაობს”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ნინო დათაშვილის Საქმის არსებითად განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს, 17 სექტემბერს, 15:00 საათზე უნდა განახლებულიყო. ადვოკატები მოელიან, რომ სხდომა გადაიდება.
იმის გასარკვევად, თუ რა ღონისძიებებს მიმართავენ ადვოკატების მოთხოვნის საპასუხოდ რადიო თავისუფლება პენიტენციული სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებს დაუკავშირდა. უწყებებისგან მიღებული პასუხის შემთხვევაში მასალა განახლდება.
ნინო დათაშვილი 20 ივნისს დააკავეს მანდატურებზე თავდასხმის ბრალდებით – თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარის გამო.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.
ამ დანაშაულისთვის სასჯელი შეიძლება იყოს როგორც ჯარიმა, ასევე 4-დან 7 წლამდე პატიმრობა.
