მრავალგზის მოთხოვნის მიუხედავად, შესაბამისი უწყებები ადვოკატებს არ აწვდიან ინფორმაციას ონლაინგამოცემების, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და დირექტორის, პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამის თაობაზე უფლებადამცველი ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იტყობინება.
მზია ამაღლობელი მე-19 დღეა შიმშილობს.
მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველი ორგანიზაციის განცხადებით, ეს “განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან ადვოკატების შეფასებით, მას უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა”.
“მისი შიმშილობის რეჟიმთან დაკავშირებით ინფორმირებულია როგორც იმ დაწესებულების ადმინისტრაცია, სადაც მზია ამაღლობელია მოთავსებული, ისე, სახალხო დამცველი. სახალხო დამცველის სამედიცინო წარმომადგენლის მიერ მას ჩაუტარდა გარკვეული კვლევები, თუმცა, კონკრეტულად კვლევები და მათი შედეგები, უცნობია. მართალია, კანონმდებლობით დადგენილია მოშიმშილე ბრალდებულის მოვლის წესები, თუმცა, ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, რამდენად ჯეროვნად ხორციელდება სრულ შიმშილობაზე მყოფი მზია ამაღლობელის მოვლა. მით უფრო, რომ მას აქვს ქრონიკული დაავადებები, მხედველობის სერიოზული პრობლემები და შესაძლოა არსებობდეს მათი გამწვავების რისკები”, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია მიმართავს სახალხო დამცველს:
· სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში განახორციელოს მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი და ყოველდღიური მონიტორინგი.
· მოგვაწოდოს მზია ამაღლობელთან დაკავშირებული მის ხელთ არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია სრულად;
· გამოითხოვოს პენიტენციური სამსახურიდან მზია ამაღლობელის შიმშილობასთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი და გადმოგვცეს მათი ასლები;
· შეაფასოს მზია ამაღლობელის შიმშილობიდან გამომდინარე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის შესაბამისობა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. ამასთან, ამ ეტაპზე უკვე მნიშვნელოვანია იმის შეფასება, ხომ არ სჭირდება მას მრავალპროფილური დახმარება და რამდენად მზადაა მისი მოთავსების დაწესებულება ყველა საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად;
· უზრუნველყოს წარმომადგენელის/ექიმის მიერ მოშიმშილე პატიმრის ყოველდღიური მონახულება და მისი ჯანმრთელობის კონტროლი.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” მოითხოვს დაუყოვნებლივ რეაგირებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის კიდევ უფრო დამძიმება და შესაძლო გამოუსწორებელი შედეგები.
ევროკავშირმა სოლიდარობა გამოუცხადა მზია ამაღლობელს, რომელიც ციხეში უკვე მე-19 დღეა შიმშილობს.
მზია ამაღლობელი ჯერ 11 იანვარს დააკავეს ადმინისტრაციული წესით, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
· როგორც მზია ამაღლობელის მეგობრები და კოლეგები ამბობენ, მას აქვს რამდენიმე სახის ქრონიკული დაავადება;
· ასობით საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაცია, მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან;
· უსამართლო, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი – ასე აფასებენ იურისტები ამაღლობელის დაპატიმრებას და ბრალდებას და ამბობენ, რომ ალიყური, იგივე სილა, რომელიც მზია ამაღლობელმა პოლიციელს გააწნა, თავდასხმად ვერ ჩაითვლება.
