ადგილობრივი წარმოების შემცირება ნიშნავს, რომ ქვეყანა უფრო ნაკლებ კონკურენტუნარიანია და ამაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება – ლევან კობერიძე

„ადგილობრივი ექსპორტის 18.3%-ით შემცირება კრიტიკული მაჩვენებელია და ეს ნიშნავს, რომ წლიდან წლამდე ქვეყანა უფრო ნაკლებ კონკურენტუნარიანია“, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას ბიზნეს-კონსულტანტმა, ლევან კობერიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ ადგილობრივი ექსპორტის შემცირებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება და მათგან უნდა მოვისმინოთ პასუხები – რას აკეთებს მთავრობა ექსპორტის ხელშეწყობისთვის, რა კონკრეტული მექანიზმები და სტრატეგია აქვთ.
„კომერსანტი“ ლევან კობერიძეს ადგილობრივი ექსპორტის შემცირებაზე, შესაძლო მიზეზებსა და იმ გზებზე ესაუბრა, რაც ქვეყნის ეკონომიკას შექმნილი მდგომარეობიდან გამოიყვანს.
წინა წელთან შედარებით 18.3%-თაა შემცირებული ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელი. ამ ყველაფერს როგორ შეაფასებთ, რით ხსნით?
ლევან კობერიძე, ბიზნეს-კონსულტანტი: ადგილობრივი ექსპორტის 18.3%-ით შემცირება კრიტიკული მაჩვენებელია. ყოველ კვარტალურად, საქართველოში წარმოებული პროდუქცია – მინერალური წყალი, ღვინო, თუ ნებისმიერი სხვა რამ, უფრო და უფრო ნაკლები მოთხოვნით სარგებლობს სხვა ქვეყნებში. ანუ საუბარია იმაზე, რომ, ცალკეული მონაცემი, მაგალითად – რუსეთში ღვინის ექსპორტი შეიძლება გაზრდილია, მაგრამ მთლიანობაში ქვეყნიდან ნაკლები ადგილობრივი პროდუქცია გადის. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის შიგნით წარმოებებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა იკლებს და მცირდება კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა. ადგილობრივი ექსპორტის შემცირება მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა უფრო ნაკლებ კონკურენტუნარიანია წლიდან წლამდე. თუ ქვეყანაში მოიკლო ექსპორტმა და საამისო სხვა მიზეზი – საომარი მოქმედება, კატაკლიზმები, პოლიტიკური პრობლემები არ არსებობს, ეს ნიშნავს, რომ ამ პროდუქციაზე მოთხოვნა შემცირდა, მის ადგილს თაროებზე სხვა ქვეყნის პროდუქცია იკავებს და ჩვენს პროდუქციას უფრო და უფრო ნაკლები მომხმარებელი ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ ექსპორტი არის ლარის კურსის სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ გვინდა ლარის კურსი არ ხასიათდებოდეს ნახტომისებური ცვალებადობით და იყოს სტაბილური, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი ექსპორტის როლი, რადგან ექსპორტს შემოაქვს ვალუტა. ჩვენ სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ფულადი გზავნილები ხდება ერთ-ერთ მთავარი ფაქტორი ვალუტის გამყარების და არა ადგილობრივი ექსპორტის ზრდა.
ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ხარისხი არ აკმაყოფილებს სხვა ქვეყნების მოთხოვნებს, თუ ამაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს სხვა ფაქტორებს, მაგალითად – ქვეყნის საგარეო კურსს?
საგარეო პოლიტიკურ კურსთან ნაკლები ბმა შეიძლება ჰქონდეს ამ ფაქტორს. მაგრამ იმის მიზეზი, რომ ნაკლებ კონკურენტუნარიანი ხდება საქართველოში წარმოებული პროდუქცია შეიძლება იყოს ქართული პროდუქციის ხარისხი ან ფასი/ხარისხის შესაბამისობა.
ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ვის ეკისრება?
ეს არის კერძო სექტორის და, მასთან ერთად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. კერძო და სახელმწიფო სექტორები ერთად უნდა მუშაობდნენ ექსპორტის ხელშეწყობისთვის. ჩვენ გვყავს ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო და ძალიან საინტერესოა მათი, ან ეკონომიკის სამინისტროს მოსაზრება – ადგილობრივი, საქართველოში წარმოებული პროდუქცია რატომ კლებულობს და რატომ აქვს ადგილი ციფრებით მანიპულირებას. ამბობენ, რომ „ჩვენთან ექსპორტი იზრდება“ მაშინ, როცა ექსპორტი იზრდება რეექსპორტის ხარჯზე. ანუ საქართველოში შემოდის მანქანები და მერე გადის რეექსპორტზე და ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა? რა თქმა უნდა, არა. ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი საქართველოში წარმოებული პროდუქციის ან სერვისის ექსპორტია.
პასუხისმგებლობა და პასუხები უნდა მოვისმინოთ სწორედ სახელმწიფო სექტორისგან – რას აკეთებს მთავრობა ექსპორტის ხელშეწყობისთვის, რა კონკრეტული მექანიზმები და რა სტრატეგია აქვს. მთავრობას უნდა ჰქონდეს ანალიზი და უნდა ვიცოდეთ რაშია პრობლემა. რატომ არის შემცირებული ადგილობრივი ექსპორტი, მე ამაზე პასუხი არსად მომისმენია. ეს კითხვა უნდა ისმოდეს ეკონომიკის კომიტეტში. ამ კითხვას უნდა უსვამდნენ მთავრობას. ეკონომიკის კომიტეტში ასეთი საჯარო მსჯელობა არ მომისმენია. ეკონომიკის სამინისტროს დასკვნა არ წამიკითხავს, რა ხდება ამ ადგილობრივი ექსპორტის შემცირებასთან დაკავშირებით. ბიზნესს, სავარაუდოდ, აქვს თავისი ახსნა. მაგრამ სასურველია, რომ ბიზნესმენთა ფედერაციამ, დარგობრივმა ასოციაციებმა ამ თემასთან დაკავშირებით გააკეთონ თავიანთი შეფასებები და განცხადებები.
ექსპორტთან დაკავშირებით მე კიდევ ერთ კითხვას დავსვამდი – საქართველოში ინტელექტუალური სერვისების ექსპორტი ფაქტობრივად არ ხდება. ახალი ბიზნეს სექტორს სახელმწიფოსთან თანამშრომლობით არაფერი შეუქმნია. მაგალითად – შვედეთის მთავრობა აფინანსებს ნებისმიერი მოქალაქის ან ბიზნესის ექსპორტს, რომელიც ეხება ინტელექტუალურ სერვისს. მაგალითად, თუ შვედეთს მოქალაქე რაიმე ტექნოლოგიას გაიტანს ექსპორტზე, იქნება ეს მარკეტინგული სტრატეგიები, თუ სამედიცინო სფეროსთან დაკავშირებული სერვისები და გაყიდის ქვეყნის გარეთ, 50%-ს შვედეთის მთავრობა ანაზღაურებს. საქართველოში ეს არ ხდება. ჩვენ ისედაც არ ვართ დიდ რესურსიანი ქვეყანა, არ გამოვირჩევით საძოვრების, ვენახების სიდიდით და ერთ-ერთი თემა ექსპორტთან მიმართებაში ინტელექტუალური სერვისები უნდა იყოს, რადგან საქართველოში ბევრი ნიჭიერი ადამიანია.