ადამიანის უფლებათა ცენტრი შეკრების თავისუფლებით სარგებლობის მიზნით საჯარო სივრცეში კარვის განთავსების ხელშეშლის პრაქტიკასთან დაკავშირებით, მონიტორინგის მოკლე ანგარიშს აქვეყნებს.
მათივე ცნობით, პროექტით – „ადამიანის უფლებებზე მონიტორინგისა და ადვოკატირების შესაძლებლობის გაძლიერება საქართველოში“, ადამიანის უფლებათა ცენტრი აკვირდება საქართველოში მიმდინარე შეკრებებსა და მანიფესტაციებს და უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას როგორც საპროტესტო აქციებზე განვითარებული მოვლენების, ისე მათი მიმდინარეობისას სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ განხორციელებული ქმედებების ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი 28 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით აკვირდებოდა ბექა გრიგორიადისის საპროტესტო აქციას საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელიდან 20 მეტრის მოშორებით, ოლივერ და მარჯორი უორდროპების სკვერში. გრიგორიადისი გამოხატავდა პროტესტს შვილის, წინასწარ პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით და ამავდროულად, ცდილობდა სკვერში კარვის გაშლას.1 პირველი დღეების განმავლობაში, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მას კარვის გაშლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. მეტიც – პოლიციელებმა ბექა გრიგორიადისს კარავი რამდენჯერმე ჩამოართვეს და არც კი განუმარტეს ქონების ჩამორთმევის და მისი უკან დაბრუნების ანდა კონფისკაციის პროცედურა, შესაბამისი ოქმის შედგენით.
ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების შეფასებით, კარვის გაშლის ხელშეშლის პროცესში დაფიქსირდა არაერთი პროცედურული დარღვევა და გამოიკვეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში უკანონო და უხეში ჩარევა. მაგალითად, 29 მაისს, კარვის გაშლამდე და მის ჩამორთმევამდე, პოლიციის თანამშრომლებს აქციის ორგანიზატორისთვის არ მოუწოდებიათ მოთხოვნის დამორჩილებისკენ. ამასთან, მისთვის არ განუმარტავთ კარვის ჩამორთმევის სამართლებრივი საფუძველი. კარვის გამართვის ხელშეშლა განხორციელდა ძალადობრივი მეთოდებით. ასევე, პოლიციელებს არ შეუდგენიათ შესაბამისი დოკუმენტაცია და არ განუმარტავთ კარვის ჩამორთმევის და შემდეგში უკან დაბრუნების პროცედურა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების დაკვირვებით, ბექა გრიგორიადისის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას მობილიზებული იყო პოლიციელთა არაპროპორციული რაოდენობა. მაგალითად, 30 მაისს აქციის მიმდინარეობისას ადგილზე იმყოფებოდა 25-მდე პოლიციელი, მათ შორის – შსს-ს რამდენიმე უფორმო მაღალჩინოსანი, როდესაც აქციის მონაწილეთა რაოდენობა 18-ს არ აღემატებოდა. ამავე დღეს, მიუხედავად ბექა გრიგორიადის დაჟინებული მცდელობისა, კვლავ გაეშალა კარავი, პოლიციამ კიდევ ერთხელ მიმართა ძალას მისთვის ხელის შესაშლელად.
ვითარება, განსაკუთრებით 1 ივნისს დაიძაბა, როდესაც ბექა გრიგორიადისს კარვის გაშლის საშუალება კვლავ არ მისცეს. მან პოლიციელებს განუმარტა, რომ კარვის გაშლა მისი აზრის გამოხატვას ემსახურებოდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების შეფასებით, გრიგორიადისის ქმედებები და განცხადებები არ სცდებოდა მშვიდობიანი შეკრების კონსტიტუციური უფლებით დაცული სფეროს ფარგლებს. ამის გათვალისწინებით, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მხრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში კარვის გაშლის ხელშეშლით ბექა გრიგორიადისს არაპროპორციულად და კანონიერი საფუძვლის გარეშე შეეზღუდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.
1 ივნისს ბექა გრიგორიადისის აქციას კიდევ რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი შეუერთდა. დაახლოებით 22:00 საათზე გრიგორიადისმა გამოაცხადა, რომ კვლავ აპირებდა კარვის გაშლას, რასაც ისევ მოჰყვა პოლიციის მორიგი ძალადობრივი ჩარევა – გრიგორიადისი წინასწარი გაფრთხილების გარეშე დააკავეს, ვიდრე იგი კარვის გაშლას დაიწყებდა. 29 მაისს, ბექა გრიგორიადისისთვის კარვის ჩამორთმევის შემდეგ, პოლიციამ დააკავა სამოქალაქო აქტივისტი, ბეჟან წვიმიტიძე, რომელიც მობილური ტელეფონით იღებდა პოლიციის ქმედებებს. აქტივისტი
დაკავებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. პოლიციამ მას არ მისცა საშუალება, დაკავშირებოდა ოჯახს და ადვოკატს. ღამის 2 საათისთვის იგი გადაიყვანეს დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში, რომელიც თბილისიდან დაახლოებით 50 კილომეტრშია. ადვოკატის განმარტებით, დაკავებისას, ბეჟან წვიმიტიძეს დაუხიეს მაისური და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა; მას ასევე აღენიშნებოდა რამდენიმე ფიზიკური დაზიანება.5 ასევე, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების შეფასებით, ბექა გრიგორიადისისთვის კარვის ჩამორთმევის დროსაც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა გამოიყენეს არაპროპორციული ძალა და აქტივისტის დაკავება მოხდა ძალადობრივი მეთოდებით.
2 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისი 2000 ლარით დააჯარიმა. აღსანიშნავია, რომ ბექა გრიგორიადისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას შსს-მ პირველად სასამართლოში გააჟღერა არგუმენტი, რომ კარვის დადგმა „ქალაქის იერსახის დამახინჯებას“ იწვევს.
ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების დაკვირვებით, კარავი, გაშლის შემთხვევაში, არ დაბლოკავდა არც ერთი შენობის შესასვლელს და არ შეაფერხებდა მოძრაობას. შესაბამისად არ არსებობდა კარვის დადგმის აკრძალვის საფუძველი. ამასთან, საინტერესოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ბექა გრიგორიადისმა 3 ივლისს ოლივერ და მარჯორი უორდროპების სკვერში კარავი ისე გაშალა, რომ მისთვის პოლიციას წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. ბექა გრიგორიადისი კარვის მეშვეობით დღემდე აგრძელებს პროტესტს იგივე მოთხოვნებით.
~2023 წლის 5 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, 74 ხმით, 22-ის წინააღმდეგ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო,7 საქართველოს პრეზიდენტმა კი მას ვეტო დაადო.8 ცვლილების უპირველესი მიზანია შეკრებებისა და დემონსტრაციების დროს დროებითი ნაგებობების, მათ შორის, პროტესტის გამოხატვის მიზნით კარვების გამოყენების – აკრძალვა. კანონპროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას ან შეკრების და მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. ამ შეზღუდვების საფუძველად საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალური ფუნქციონირების დაცვა სახელდება.
საკანონმდებლო ცვლილებას კრიტიკა მოჰყვა უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის მხრიდან.10 ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, საპროტესტო აქციაზე კარვის გაშლის აკრძალვა კანონის ახალი რედაქციით განსაზღვრული საფუძვლებით წარმოადგენს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევას და ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სტანდარტებს, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლება იცავს ადამიანების მრავალ გზას, ხერხს და საშუალებას, შეიკრიბონ ერთად საჯარო და კერძო სივრცეში. ეს აღიარებულია, როგორც დემოკრატიული, ტოლერანტული და პლურალისტური საზოგადოების მნიშვნელოვანი კრიტერიუმი. ვენეციის კომისიისა და ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება იცავს, მათ შორის, პროტესტის გამოხატვის უფლებას კარვების გაშლის მეშვეობით.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მოსაზრებით,12 შეზღუდვები კარვებისა და სხვა კონსტრუქციების აღმართვაზე შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს შესაძლოა გავრცელდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც კმაყოფილდება შეკრების შესაზღუდად საჭირო წინაპირობები. წინააღმდეგ შემთხვევაში – როდესაც აკრძალვა ბლანკეტურად ვრცელდება ინსტალაციების, სხვადასხვა კონსტრუქციისა თუ კარვების გამოყენებაზე, ირღვევა შეკრების თავისუფლება.
სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ODIHR-მა შეაფასა მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები და აღნიშნა, რომ შეკრების თავისუფლების შეზღუდვისთვის გათვალისწინებული საფუძვლები ფართოა და ისინი ნათლად განსაზღვრული არ არის, რამაც ხელისუფლების მხრიდან შესაძლოა კანონის თვითნებური ან დისკრიმინაციული გამოყენება გამოიწვიოს.13 ამასთან, მოსაზრებაში ხაზგასმულია, რომ საკანონმდებლო ცვლილებები უტოლდება არაპირდაპირ დისკრიმინაციას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ.14 ODIHR-ის შეფასებით, “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში მიღებული ცვლილებები ვერ აკმაყოფილებს აუცილებლობისა და განმარტებით ბარათში მითითებულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით პროპორციულობის მოთხოვნებს.15
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, კარვის გაშლა დაცულია გამოხატვის თავისუფლებით, თუკი ეს პოლიტიკური აზრის გამოხატვას ემსახურება.16 საქართველოს კონსტიტუცია გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად კონკრეტულ წინაპირობებს აწესებს, მაგრამ პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილების გზით კარვის გაშლის ბლანკეტური, ნებისმიერ შემთხვევაში აკრძალვა ამ უფლების დარღვევად უნდა ჩაითვალოს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი, იზიარებს რა საერთაშორისო სტანდარტებს, მიიჩნევს, რომ პროტესტის გამოხატვის მიზნით კარვის გაშლა არის შეკრების და გამოხატვის თავისუფლების განუყოფელი ნაწილი, რომლის შეზღუდვაც დაუშვებელია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის გარეშე. განხილული საკანონმდებლო ცვლილებები კი ვერ აკმაყოფილებს უფლების შეზღუდვისთვის საჭირო წინაპირობებს.
შესაბამისად, მივმართავთ რეკომენდაციით:
საქართველოს პარლამენტს:
· კანონშემოქმედებით პროცესში თავი შეიკავოს შეკრების თავისუფლებაზე შეზღუდვების დაწესებისგან.
· შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობის მიღების, ანდა ასეთ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანისას გაითვალისწინოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკსრი ვალდებულებები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და საერთაშორისო სტანდარტები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს:
· არ დაუშვას საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა და მისცეს აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა, დაუბრკოლებლად განათავსონ და გამოიყენონ კარავი პროტესტის გამოსახატად.
ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ცენტრი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს“,- ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.