“აგენტების” კანონი – აფხაზებთან და ოსებთან სამშვიდობო დიალოგის დასასრული?

საქართველო, სადაც წლების განმავლობაში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით აფხაზებთან და ოსებთან ნდობის აღდგენის პროექტები და სამშვიდობო დიალოგი ხორციელდებოდა, რეპრესიული კანონმდებლობისა და იზოლაციონიზმის გამო გაქრობის საფრთხის წინაშეა. კონფლიქტოლოგ ნინო კალანდარიშვილს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მონაწილეობდა ქართულ-ოსურ, ქართულ-აფხაზურ და რეგიონულ სამოქალაქო დიალოგებში, ვესაუბრეთ იმის შესახებ, როგორ იცვლება რეალობა რეგიონში, ვის უქრება სივრცე და ვის რჩება ამ „ცარიელი ადგილების“ შევსების შანსი.
ბოლო წლების განმავლობაში ხშირად აორგანიზებდით სხვადასხვა ფორმატში შეხვედრებს – საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის, ასევე ოსებთან და აფხაზებთან ექსპერტებს შორის. დღეს როგორ შეიცვალა ეს რეალობა?
უკანასკნელი წლების განმავლობაში მე უფრო ვმონაწილეობდი, ვიდრე ვაორგანიზებდი ასეთ შეხვედრებს. თუმცა, 2019 წლიდან მათი სიხშირე საგრძნობლად შემცირდა. ჯერ იყო კოვიდის პანდემია, შემდეგ – 2020 წლის ყარაბაღის ომი, ში ომი და ა.შ. ამ ფონზე, ზოგადად, დაიკლო ინტერესმა ჩვენი კონფლიქტების მიმართ. ჩვენთან პროცესების სტაგნაციის პარალელურად, საერთაშორისო ყურადღება ყარაბაღისკენ იყო მიმართული.
ამასთან ერთად, გაიზარდა რეგიონულ დონეზე შიდა აქტორების დაინტერესება. სომხურ-ქართულ ფორმატებში და ინდივიდუალურ კონტაქტებში აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან აქტიური ინტერესი შენარჩუნდა. ამის პარალელურად, რეგიონის შიდა აქტორების ინტერესი ერთმანეთთთან მიმდინარე პროცესების მიმართ გაზრდილი იყო და სურვილი შეხვედრებისა და საუბრის ერთმანეთთან, არ იყო შესუსტებული, ეს ემჩნეოდა სომხურ-ქართულ ფორმატებს და ინდივიდუალურ კონტაქტებს აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან.
სამწუხაროდ, აქ მნიშვნელოვანია ერთი ამბავი. მანამ სანამ ჩვენთან გამწვავდებოდა სიტუაცია, გარკვეულწილად არსებული პირდაპირი ფორმატები ქართულ-ოსური, ქართულ-აფხაზური, ქართულ-სომხური და ა.შ გამოწვევის წინაშე კი არ იდგა – ახალი ფორმატების ფორმირების პროცესი, ადამიანური რესურსი – ადამიანების დაინტერესებულობა არ გაზრდილა. ერთი და იგივე ხალხის გარშემო ტრიალებს შეხვედრები, რაც რა თქმა უნდა, ხარისხს არ აზიანებს, მაგრამ განსხვავებული პერსპექტივების გამოჩენას უშლის ხელს. ამ ყველაფრის მიზეზი ვფიქრობ, შეგუებაა არსებულ რეალობასთან კონფლიქტების საკითხზე.
რაც შეეხება იმას, რაც ახლა ხდება საქართველოში [ჯერ წინაასარჩევნო გარემო, შემდეგ ს და მისი შემდგომი პერიოდი – დესტაბილიზაცია და კონფრონტაცია ქვეყნის შიგნით] მეორე მხარის, აფხაზების და ოსების მხრიდან ფრთხილ დამოკიდებულებას კიდევ უფრო აძლიერებს.
პროცესებისადმი ინტერესის ზრდის პარალელურად, ფიზიკურად შეხვედრის სურვილი მხარეებს შორის არ გაზრდილა. ძლიერდება ონლაინ შეხვედრები და დისკუსიები, რაც აფხაზებისა და ოსებისთვის უფრო უსაფრთხოა. ამიტომ ჩემი პასუხიც დუალისტურია – კი, ეს ყველაფერი ახდენს დადებით გავლენას და მეორე მხრივ აძლიერებს არსებულ კონტაქტებს და ურთიერთობას საექსპერტო დონეზე, მაგრამ ახალი კონტაქტების და განზომილებების შექმნას აფერხებს.
საქართველოში მიმდინარე პროცესების [აგენტების შესახებ კანონი და სხვ] ფონზე, რა ელით სამშვიდობო ან სამოქალაქო დიალოგებს, რომლებიც ძირითადად, საერთაშორისო დაფინანსებით ხორციელდებოდა?
როგორც უკვე გითხარით, არჩევნებამდეც იყო გამოწვევები – ახალი აქტორების დეფიციტი. ახლა კი, ახალი კანონმდებლობის ფონზე, უშუალოდ ამ რესურსსაც ზიანი მიადგება. ყველა დიალოგი სამოქალაქო სექტორზეა დამოკიდებული. თუ სამოქალაქო სექტორის ფუნქციონირებას სახელმწიფო შეზღუდავს, ეს ნიშნავს, რომ დიალოგის ფორმატები მინიმუმამდე დაიყვანება, ან საერთოდ გაქრება.
საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე რთულია იმუშაო მეორე მხარესთან – აფხაზებთან, ოსებთან. თუ არ იქნა საერთაშორისო პროექტი, მათთვის პრაქტიკულად შეიძლებელი იქნება ქართული სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროექტში მონაწილეობა. ამასთან, საერთაშორისო პროექტი სულაც არ ნიშნავს რომ ის ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული. პროექტები რომლებიც ნდობის აღდგენაზე, შერიგებაზე და დიალოგზე იყო მიმართული, ე.წ. მოდალობებს შერიგების სამინისტროში გადიოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარდაჭერილი თუ არა, უარყოფილი არ ყოფილა ჩვენი სახელმწიფოს მიერ. ეს დრაკონული მიდგომები სამოქალაქო სექტორისადმი, ჩვენს მუშაობას შეუძლებელს ხდის.
ახალი კანონმდებლობა და სამოქალაქო სექტორის დასუსტებამ შესაძლოა შეამციროს ან სრულად გააქროს ოსებთან და აფხაზებთან სამშვიდობო დიალოგის ფორმატები. ნინო კალანდარიშვილის შეფასებით, „როცა ეს სივრცე გაქრება, მხოლოდ მაშინ გავიაზრებთ, რამდენად საჭირო იყო იგი“.
ზოგადად, მოსახლეობაში [არა მხოლოდ საქართველოს] არსებობს განწყობა/აზრი, რომ სამშვიდობო დიალოგები რეალურად არც არაფერს გვაძლევს, კონფლიქტები კვლავ მოუგვარებელია და საერთოდაც, რა საჭიროა.. თქვენი აზრით, სამშვიდობო დიალოგის გაქრობა საექსპერტო თუ პროფესიული წრეების დონეზე, რამდენად დიდი დანაკარგია?
თუ ვსაუბრობთ კონფლიქტების მოგვარებაზე, სამშვიდობო და სამოქალაქო დიალოგი მისი განუყოფელი ნაწილია. დემოკრატიულ სისტემაში მოქალაქეთა ჩართულობის გარეშე პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიიღება. მოქალაქის ცნობიერება, კონფლიქტებისადმი დამოკიდებულება, შერიგების იდეის მიღება – ამ ყველაფერზე მუშაობს დიალოგი.
თქმა იმისა, რომ ამდენი წელია არაფერი შედეგი მიგვიღია, არ მეჩვენება რელევანტურად. რა თქმა უნდა, ჯობდა მეტი შედეგი ყოფილიყო, მაგრამ როცა ეს ფორმატები საერთოდ გაქრება და ცარიელი ადგილი დარჩება, სწორედ მაშინ ვნახავთ, რამდენად იყო ისინი საჭირო.
– თუ ეს სივრცე საერთოდ გაქრება, რა ან ვინ შეავსებს ამ ცარიელ ადგილს?
ზოგადად, სამოქალაქო სექტორის დიალოგი, სამშვიდობო დიალოგი, დემოკრატიული და დასავლური მოვლენებია, ამიტომ თუ სამოქალაქო სექტორი გაქრება, ამ სიცარიელეს შეავსებს ის, რაც დემოკრატიული პროცესების ანტიპროცესებია. მიდგომები და ღირებულებები ანტიდემოკრატიული მიმართულებით – პრორუსული გავლენები და იზოლაციონისტური პოლიტიკის გარკვეული აქტივობები იქნება. რამდენად სასარგებლო იქნება ეს ქართული სახელმწიფოსთვის, რომელიც ჩვენი აზრით, დასავლური ტიპის სახელმწიფო უნდა იყოს და დასავლურ მოდელში უნდა მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა?
წლების წინ პროცესებმა, რომელიც აზერბაიჯანში მოხდა [სამოქალაქო სექტორის შესუსტება რეჟიმის მიერ იზოლაციონალისტური პოლიტიკით], რა გავლენები იქონია აზერბაიჯანის სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობაზე?
იმოქმედა, რადიკალურად. შეხვედრები უფრო ინდივიდუალურ დონეზეა, ისიც მხოლოდ ონლაინ და იშვიათად. თვითცენზურა აშკარად იგრძნობა. და დიახ, – ეს საფრთხეა საქართველოშიც – ჩემს თაობას კარგად გვახსოვს საბჭოური მოდელი, ან მისი მინივერსია: იზოლირებული ქვეყანა, ერთი ხმაზე მომუშავე სტრუქტურები.
გარესამყაროსგან იზოლაცია ნიშნავს, რომ ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავს დავინახავთ და ვერ დავინახავთ გარესამყაროს, და გარესამყაროც ვერ დაგვინახავს. ეს სტაგნაცია 2 წლის წინაც ჩანდა. ამან დაგვანახა და გაგვააზრებინა, რომ არ ვართ სამყაროს ჭიპი და ის, ვის გარშემოც დედამიწა ტრიალებს. ეს დადებითი მოვლენაცაა თუ რეალისტურად გავიაზრებთ.