„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ პროტესტს თელავის უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ

თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სოლიდარობას უცხადებენ “აგენტების კანონის” მოწინააღმდეგეთა აქციებს სხვადასხვა ქალაქში და მოითხოვენ დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეების გათავისუფლებას. სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტის შენობასთან შეიკრიბა. მათ ერთობლივი განცხადება წაიკითხეს.
„შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვაპროტესტებთ რუსული კანონის მიღებას პარლამენტის მიერ, სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისსა და სხვა ქალაქებში მყოფ დემონსტრანტებს და ვგმობთ პოლიციის მხრიდან ძალადობას, უფლებამოსილების გადამეტებას, სამართალდამცავების მიერ ქალების, ახალგაზრდებისა და მოხუცების მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, მოვითხოვთ უსამართლოდ, უკანონოდ დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეების ციხიდან განთავისუფლებას. ჩვენი შეკრება დაორგანიზებულია მხოლოდ და მხოლოდ სტუდენტების მიერ, სტუდენტური თვითმმართველობის და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერის გარეშე, სამწუხაროდ. არა რუსულ კანონს, არა რუსეთს, გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ, თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოს”, – თქვა სტუდენტმა გენო ხვიჩავამ.
თელაველი სტუდენტების პროტესტს შეუერთდა ერთ-ერთი ლექტორი ნუციკო დეკანოზიშვილი. სტუდენტებმა უმაღლესის სასწავლებლის შენობის შესასვლელში გამართეს აქციაც, სადაც მცირე შელაპარაკება მოხდა.
სტუდენტებთან მივიდა ფინანსური სამსახურის თანამშრომელი მურმან თაგოშვილი, რომელიც მათ უხსნიდა, რომ „აგენტების კანონი” არ არის რუსული. ფაქტს მოჰყვა აქციის მონაწილეების პროტესტი და შეძახილები: „ჩვენ გვინდა ევროპაში“. მათ უნივერსიტეტის ფინანსური სამსახურის თანამშრომელი ხმაურითა და შეძახილებით გააცილეს.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი თბილისსა და კახეთში გამართულ სხვა აქციებშიც მონაწილეობს.
საქართველოს უნივერსიტეტების რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები განცხადებით ეხმაურებიან „აგენტების კანონის” საწინააღმდეგო პროტესტს და სტუდენტების გაფიცვას. წერილში ნათქვამია, რომ აკადემიური სფერო პოლიტიკური პროცესების მიღმა უნდა რჩებოდეს და ლექტორები, რომლებიც არ ატარებენ ლექციებს, არღვევენ შრომით ხელშეკრულებებს. ამ განცხადების ხელმომწერთა შორის არის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორიც.

ასევე დაგაინტერესებთ